ტალინში ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების გამოფენა 11 აგვისტომდე გაგრძელდება
ტალინის მიკკელის მუზეუმში, გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა – „ფიროსმანი – მარტოხელა გენიოსის სამყარო” გაიხსნა. გამოფენა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და დახმარებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა ეკუთვნის მირზაანის მუზეუმის მუდმივ კოლექციას და ისინი ერთიან კოლექციად საზღვარგარეთ პირველად გამოიფინა. ამის გარდა, ტალინში, ასევე, გამოფენილია 1972 წელს პარიზში პაბლო პიკასოს მიერ შექმნილი ფიროსმანის გრაფიკული პორტრეტი და ფიროსმანის 3 ფერწერული ტილო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, თეა ახვლედიანმა; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ; ამავე სააგენტოს სამუზეუმო მიმართულების კურატორმა, ირმა დოლიძემ; ესტონეთის კულტურის სამინისტროს გენერალურმა მდივანმა ტარვი სიტსმა;ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, სირიე ჰელმემ და მიკკელის მუზეუმის დირექტორმა, ალექსანდრა მურრემ.
დამსწრე საზოგადოებისადმი მიმართვისას თეა ახვლედიანმა მოკლედ მიმოიხილა გასული 5 წლის მანძილზე ქართულ-ესტონური პარტნიორობის შედეგად მიღწეული შედეგები და გაღრმავებული ურთიერთობები თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, რასაც, ამ წლების განმავლობაში, თან სდევდა ესტონეთში საქართველოს ისტორიის, მდიდარი კულტურისა და ტრადიციების ინტენსიური ფართოდ წარმოჩენის პროცესი.
ამ კონტექსტში მან აქვე აღნიშნა, სხვადასხვა პარტნიორთან თანამშრომლობით, საელჩოს მიერ გაწეული ძალისხმევა და მრავალი შინაარსობრივი დატვირთვით გახორციელებული მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება. ის მიესალმა იმ ფაქტს, რომ, მხატვრობის დარგში, ეს პირველი ფართომასშტაბიანი და ამბიციური პროექტი წარმატებით გახორციელდა. ელჩმა ისაუბრა ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და აღნიშნა ნიკო ფიროსმანის გამორჩეული დატვირთვა ისევე, როგორც მიმოიხილა გენიალური ქართველი მხატვრის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ასპექტები. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ტალინში ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენის ინიციატივაზე მუშაობის 2-წლიან პროცესს, ესტონეთში მისი ორგანიზების მნიშვნელობას და იმედი გამოხატა, რომ ფიროსმანის გამოფენა ხელს შეუწყობს ხალხთა შორის მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და საქართველო-ესტონეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. მან განაცხადა, რომ ესტონელი ხალხის ერთგული მეგობრობა, გულწრფელი სოლიდარობა და მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის გამოხატული საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმეს დღეებში, მუდმივად დარჩება ქართველთა მეხსიერებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის ხელისუფლების, პარლამენტისა და სამთავრობო ინსტიტუტების მაღალი დონის თანამდებობის პირები, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურული და ბიზნესწრეების, ესტონეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, ასევე – ესტონეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
გამოფენის ფარგლებში, მიკკელის მუზეუმში გაიმართა ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი შენეცნებით-საგანმანათლებლო გაკვეთილები ბავშვებისა და მოზარდებისთვის. გაკვეთილები ინგლისურ (ესტონური თარგმანით) და რუსულ ენებზე ჩაატარეს საგანგებოდ ამ ღონისძიებისათვის საქართველოდან მოწვეულმა პედაგოგებმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან.
ასევე, სააგენტოს იუნესკოსთან და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის წამყვანმა ექსპერტმა, თამარ მელივამ წაიკითხა საჯარო ლექცია ქართული კულტურისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ თემაზე – „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“.
გამოფენა მიკკელის მუზეუმში 11 აგვისტომდე იქნება წარმოდგენილი.