„ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ხალხი აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მშენებლობაში“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მცხეთაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, არჩევნების შემდეგ საქართველოს მოსახლეობას საშუალება მიეცემა,თავად მიიღოს მონაწილეობა მისი სოფლის და ქალაქის მართვაში.
„არჩევნები გვიახლოვდება. ამ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის. მცხეთას თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა და დამეთანხმებით, რომ სრულიად დამსახურებულად. მე მჯერა, რომ თქვენ, მცხეთელები, აქტიურად ჩაებმებით ამ ქალაქის მართვაში და ძალ–ღონეს არ დაიშურებთ, რომ მცხეთა – ჩვენი სიამაყე, უდიდესი სიძველე, ჩვენი კულტურისა და სულიერების კერა, კიდევ უფრო განვითარდეს და გაბრწყინდეს. მცხეთა უმდიდრეს ისტორიასა და ტრადიციებსინახავს, თქვენ კი გეძლევათ დიდი შანსი, იზრუნოთ ამ საოცარ ქალაქზე.
ამ არჩევნების შემდეგ თითოეულ თქვენგანს საშუალება მიეცემა, თავად მიიღოთ მონაწილეობა თქვენი სოფლის, თქვენი ქალაქის მართვაში. ეს არის უნიკალური საშუალება, რაც ხალხს მანამდე არ ჰქონია. ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ხალხი აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მშენებლობაში. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანა, ისეთი ქვეყანა, სადაც სოფელი იქნება ძლიერი და იქიდან გაქცევაზე აღარავინ აღარ იფიქრებს. ეს არის ჩვენი ოცნება, ჩემო მეგობრებო, სწორედ სოფლის სიძლიერით მოდის ხალხის კეთილდღეობადა ხალხის სიძლიერე, ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და ჩვენ ამას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად აუცილებლად შევძლებთ!
ამ არჩევნებში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოალიცია ,,ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამსახურებულად.
ჩვენ გავიმარჯვეთ საპარლამენტო არჩევნებში, გავიმარჯვეთ საპრეზიდენტო არჩევნებში, და მე მინდა კიდევ უფრო მეტად გავიმარჯვოთ მოახლოებულ არჩევნებში. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და საუკეთესო შედეგები უნდა ვაჩვენოთ. მე დარწმუნებული ვარ ჩვენი კანდიდატების გამარჯვებაში, ჩვენ ყველანი ერთად ვართ დარწმუნებული. ჩვენ შერჩეული გვყავს ღირსეული კანდიდატები. ამიტომ მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ ხმა მისცეთ ჩვენს კანდიდატებს!“ – განაცხადა პრემიერმა.