პრემიერი: მთავრობა და სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ იმისათვის, რომ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში

0

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, დღეს, პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას დანაშაულის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განმარტა, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დანაშაულის ზრდის მაჩვენებელი აღრიცხვიანობის სიზუსტითაა გამოწვეული.
​ხოლო რაც შეეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მაჩვენებლებს – მისი თქმით, უცვლელია, ან შემცირებული.
“2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დიახ, დანაშაულის ზრდა 54 პროცენტით დაფიქსირდა, მაგრამ ეს ზრდა მნიშვნელოვან წილად გამოწვეულია აღრიცხვიანობის სიზუსტით. ქვეყანაში რეალური კრიმინოგენური მდგომარეობისგან სასაზღვრად მნიშვნელოვანია რეგისტრირებული დანაშაულის ტიპისა და ბუნების, პოლიციისადმი მიმართვიანობის მაჩვენებლისა და ბევრი სხვა ფაქტორების გათვალისწინება.
დანაშაულის ტიპოლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მაჩვენებლები ან უცვლელია, ან შემცირებული; ხოლო მატება, ძირითადად, სწორედ ისეთ დანაშაულებზე მოდის, რომელთა კუთხით ან მიმართვიანობა გაიზარდა მკვეთრად, ან აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა. წარმოგიდგენთ მონაცემებს: კერძოდ, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, არ შეცვლილა მკვლელობების მაჩვენებელი, შემცირდა ყაჩაღობა და განსაკუთრებით შემცირდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ აზიანებდა − თითქმის 18%-ით.
​სიმართლეა, რომ დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ, გატარებულმა რეფორმებმა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდამ გაზარდა პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნება, მაგალითად, ოჯახში ძალადობა, მუქარა და სხვა დანაშაული.
ამავე დროს, ზრდა, ძირითადად, მოდის საკუთრებისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ძირითადად, ვსაუბრობთ ქურდობასა და ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებებზე. ანუ სწორედ იმ კატეგორიის დანაშაულზე, რომელზეც პირდაპირ ახდენს გავლენას აღრიცხვიანობის გაუმჯობესება.
​მინდა, მივმართო საზოგადოებას და ვუთხრა, რომ საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ იმისათვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში; ხოლო დანაშაულის ჩამდენმა კანონით დადგენილი წესით ადეკვატური პასუხი მიიღოს”,-აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი