მამუკა ბახტაძე: მესმის და ვაფასებ ოპოზიციის მნიშვნელობას; მზად ვარ, მოვისმინო ობიექტური შენიშვნები თუ წინადადებები

0

“კარგად მესმის და ვაფასებ ოპოზიციის მნიშვნელობას და როლს. ამიტომ მზად ვარ, მოვისმინო ობიექტური შენიშვნები თუ წინადადებები, მწვავე კრიტიკა, იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაკარნახევია საქმისადმი გულშემატკივრობით და ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდისთვის მთავარია სიმართლე და პასუხისმგებლობა.

“დღეს პირველად ვხვდებით ინტერპელაციის ფორმატში, რაც სრულიად ახალი პლატფორმაა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობაში. დიახ, ამ ფორმატის შემოღება ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი, მეტიც, ჩვენ ეს კონსტიტუციურ ნორმად ვაქციეთ. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ეს პატივისცემის გამოხატულებაა ჩვენი საზოგადოების მიმართ, დიახ, ეს ჩვენი პოლიტიკური ნებაა, წარვდგეთ საქართველოს პარლამენტის წინაშე და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი.
პარლამენტსა და მთავრობას შორის ასეთი თანამშრომლობა ნამდვილად მნიშვნელოვანი პროგრესია. მთელი ჩვენი გუნდი, მთავრობის ყველა წევრი პასუხობს პარლამენტის მიერ დასმულ შეკითხვებს და ვფიქრობ, ბოლო სამი დღე არის ამის ძალიან კარგი მაგალითი.
რაც შეეხება უშუალოდ საკითხს – პირველ რიგში, ვიდრე შევაფასებთ და დასკვნებს გამოვიტანთ, ჯერ ალბათ საკითხის არსში უნდა გავერკვეთ. იმისათვის, რომ მე გავცე თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხი, ჯერ უნდა დავაზუსტოთ, რეალურად გაუარესდა თუ არა კრიმინოგენური ვითარება საქართველოში და მართლა გაიზარდა თუ არა კრიმინალი. ასევე რა თქმა უნდა, უნდა დავაზუსტოთ ინტერპელაციაში მონაწილე მხარეების პოლიტიკური ინტერესები.
თქვენი კითხვის ფორმულირებაში დევს უკვე მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. ჩემი მოსაზრებით, კიდევ ერთხელ ადგილი აქვს მცდელობას საზოგადოებას შეუქმნან მცდარი წარმოდგენა და განცდა, რომ თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და საერთოდ, ყველაფერი არის ძალიან ცუდად.
​გასაგებია, რომ არსებობს ჩვენ შორის ღირებულებითი განსხვავებები, ეს ლოგიკურიც არის სხვაგვარად ვერც იქნება. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხში ვერასდროს ვერ შევთანხმდებით. მე ამავე დროს კარგად მესმის და ვაფასებ ოპოზიციის მნიშვნელობას და როლს. ამიტომ მზად ვარ, მოვისმინო ობიექტური შენიშვნები თუ წინადადებები, მწვავე კრიტიკა, იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაკარნახევია საქმისადმი გულშემატკივრობით და ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით.
ჩვენთვის მთავარია სიმართლე და პასუხისმგებლობა, ხარისხიანი კონტროლი და ანგარიშვალდებულება. როგორ არასასიამოვნოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის, დღეს თქვენ მოგიწევთ სიმართლის მოსმენა.
დასაწყისშივე რომ ვთქვა პირდაპირ ვიტყვი − თქვენი მტკიცება, რომ ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით, არ შეესაბამება სიმართლეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი