ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა  საპარალამენტო არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება და დარწმუნებული ვარ, ეს მიზანი, 2020 წლისთვის, აუცილებლად იქნება მიღწეული

0

“ჩვენი მთავარი ამოცანაა არის არა იმდენად წარსულზე  საუბარი, რამდენადაც იმის უზრუნველყოფა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს უკეთესი –  საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში და უზრუნველყოფილი უნდა იყოს  აგრესიისგან მაქსიმალურად დაცლილი გარემო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე – „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა და გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით,  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საკვანძო მნიშვნელობის ამოცანაა და ეს არის სახელმწიფოს ერთერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ.
მისივე განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება და, ამ შემთხვევაში, იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური ძალადობის არ არსებობა, არამედ – ვერბალური აგრესიისგან მაქსიმალური გათავისუფლებაც.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ კუთხით, არსებობს განსაკუთრებული გამოწვევები, რაზეც საჭიროა მსჯელობა. მისივე შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, წარმოებდა აგრესიული კამპანია, რომელიც არჩევნების დანიშვნის პირველივე დღიდან დაიწყო.
„საპრეზიდენტო არჩევნებზე, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ – იყო უაღრესად აგრესიული კამპანია და ეს აგრესია დაიწყო პირველივე დღიდან, როგორც კი დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. ამას ჰქონდა სხვადასხვა მიზეზი. მთავარი მიზეზი, ყველამ ვიცით, არის ის, რომ არის აბსოლუტურად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ჯერ კიდევ საკონსტიტუციო რეფორმის გახორციელების დროს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ არასწორი იყო საპარლამენტო სისტემაში პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა იმ პირობებში, როდესაც საპრეზიდენტო  კანდიდატებს არ აქვთ საარჩევნო პროგრამები, ბუნებრივია, მთლიანად ორიენტირებულია საარჩევნო კამპანია პერსონალურ თავდასხმებზე, პერსონალურ აგრესიაზე და ა.შ.
აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო და დიდწილად მოსალოდნელი იყო ასეთი სახით საარჩევნო კამპანიის წარმართვა და, სამწუხაროდ, ეს მოლოდინი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების დროს, გამართლდა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში ზოგადი გარემოს შესაცვლელად, ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მისი შეფასებით, იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაშიც ბრალი სხვადასხვა მხარეს, მათ შორის – მმართველ პარტიასაც მიუძღვის.
„იყო სხვადასხვა კუთხით პრობლემები; მათ შორის, იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მთელი რიგი ფაქტები. იყო ასევე პრობლემა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, თქვათ, ერთგვარი ცუდი ტრადიცია. ეს არის აგიტატორების ზედმეტად აქტიური ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში. იყო მთელი რიგი ხარვეზები, რა თქმა უნდა, რაშიც ბრალი მიუძღვის სხვადასხვა მხარეს, მათ შორის – მმართველ პარტიასაც”,- აღნიშნა მან.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რომლებზეც, მისივე თქმით, ნაკლებად გამახვილდა ყურადღება სხვადასხვა დაინტერესებული სუბიექტის მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, აღნიშნა, რომ, ხარვეზების მიუხედავად, საზოგადოების საერთო განწყობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ – დადებითია.
„ცოტა ხნის წინ, ჩვენ ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ცხადყოფს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არის  ის ინსტიტუცია, რომლის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობაა არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, არამედ, ზოგადად სოციალურ ინსტიტუტებს შორის. საარჩევნო ადმინისტრაცია სარგებლობს მაღალი ნდობით საზოგადოებაში, რაც არის იმ საერთო გარემოს დამსახურება, რომელიც 2012 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში. ამ კვლევის თანახმად,  საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა იყო 38%-ი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სახელისუფლებო და სოციალურ ინსტიტუტებს შორის და ნდობა ISFED-ის  მიმართ, რომელიც იყო მთავარი დამკვირვებელი ორგანიზაცია ამ არჩევნებში, არის 22%-ი. ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ არის სერიოზული ხარვეზები მთლიანად ჩვენთან სისტემაში და ეს ხარვეზი, ბუნებრივია, გამოსწორებას საჭიროებს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ  ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც საარჩევნო გარემოზე უარყოფითად აისახება, არის სუსტი სამოქალაქო საზოგადოება. ირაკლი კობახიძის თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირი ფორმით იყო ჩართული წინასააჩევნო კამპანიაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებსა და აღნიშნულთან დაკავშირებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში მოყვანილ ფაქტებზე გაამახვილა.
„აქცენტი კეთდებოდა შემოწირულობებზე – შემოწირულობები ერთმანეთთან იყო შედარებული და ამაზე დაყრდნობით ცხადდებოდა, რომ უპირატესობა ჰქონდა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს; თუმცა, რეალობა არის სრულიად განსხვავებული. რაც შეეხება მონაცემებს, ჩვენ უნდა ავიღოთ შემოწირულობების, ასევე, რეკლამის კომპენსაციის თანხები და ასევე, ის თანხები, რომელიც  სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა დამკვირვებლებზე. თუ დავაჯამებთ ამ თანხებს, ვნახავთ, რომ ოპოზიციას ბევრად მეტი ჰქონდა თანხა მთლიანობაში ამ არჩევნებისთვის განკუთვნილი, ვიდრე – ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. ეს არის რეალობა, რომელიც, სამწუხაროდ, არცერთ დასკვნაში არის ასახული”,- აღნიშნა მან.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ე.წ. „ფეიკ პარტიებზეც”, რომელიც, მისივე შეფასებით, სერიოზული პრობლემაა და მათი გამოყენებით ხდებოდა როგორც სახელმწიფო სახსრების, ასევე – უფასო საეთერო დროის მითვისება.
„იყო 25 000 წუთი სარეკლამო დრო გამოყოფილი – აქ ვგულისხმობ კომერციულს და არაკომერციულს, გადანაწილებული საარჩევნო სუბიექტებზე, ამ 25 000 წუთიდან სალომე ზურაბიშვილის და, ასევე, მრეწველების, რომლებიც მხარს უჭერდნენ სალომე ზურაბიშვილს, იყო მთლიანად 2 400 წუთი. რეალურად, თუ ამის მონეტიზაციას მოვახდენთ, დაახლოებით 50 მილიონამდე იყო ამ ყველაფრის საერთო ღირებულება. საიდანაც, შესაბამისად, ხუთი მილიონი იყო დაახლოებით მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის და 45 მილიონი იყო ოპოზიციის. ამ პირობებში ვხედავთ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში საუბარია სალომე ზურაბიშვილის მატერიალურ უპირატესობაზე, მაშინ როდესაც, დაახლოებით ჰქონდა ათმაგი უპირატესობა ოპოზიციას”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ობიექტური დამკვირვებლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საჭიროა, მომავალში ბევრი რამ გაკეთდეს საარჩევნო პროცესების ობიექტური დაკვირვების უზრუნველსაყოფად.
“საჭიროა, რომ მომავალში ბევრი რამ გაკეთდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყო საარჩევნო პროცესების ობიექტური დაკვირვება და ობიექტური მონაცემები აისახოს და არა გაყალბებული მონაცემები, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში”,- აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნების დროს არსებული მედიაგარემოც, რომელზეც, მისი შეფასებით, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში არასათანადო აქცენტები კეთდებოდა.
„ხშირად ვხვდებით ციტატას რომ „მეორე ტური იყო პოლარიზებული”. ამ დროს, აგრესიული კამპანია დაიწყო პირველივე დღიდან,  ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში,  როდესაც, გამოცხადდა,  თუ ვინ იქნებოდა კანდიდატი მმართველი პარტიის მხრიდან, იმთავითვე დაიწყო,უაღრესად აგრესიული, შეურაცხმყოფელი კამპანია, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ აგრესიის ინიციატორი იყო ოპოზიცია, რაც ყველასთვის თვალნათელი იყო.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს წარმოებული კამპანია შეახსენა. მისი თქმით,  2016 წლიდან მოყოლებული, მმართველი გუნდი ცდილობს,  საარჩევნო გარემო აგრესიისგან მაქსიმალურად გაათავისუფლოს.
„გახსოვთ, რომ 2016 წლის კამპანია იყო აგებული პოზიტიურ მესიჯებზე. ჩვენი სლოგანი იყო „თავისუფლება, სწრაფი განვითარება კეთილდღეობა”. აქცენტი კეთდებოდა ეკონომიკურ განვითარებაზე, ზოგად ქვეყნის განვითარებაზე და ამ პათოსით წარიმართა კამპანია; ასევე, 2017 წელს კამპანია წარიმართა პოზიტიური პათოსით აქცენტი კეთდებოდა, ეკოლოგიიის საკითხებზე ტრანსპორტზე და ა.შ მაშინ როდესაც ორივე შემთხვევაში ოპოზიცია მთლიანად იყო ორიენტირებული თავდასხმებზე, აგრესიაზე და ამ ტიპის კამპანიაზე, ნეგატიურ კამპანიაზე, საერთოდ არანაირი აქცენტი არ კეთდებოდა, რეალურად,  პროგრამებზე”,- აღნიშნა მან.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა არა იმდენად წარსულზე საუბარი, არამედ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფაა.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა არის არა იმდენად წარსულზე  საუბარი, რამდენადაც იმის უზრუნველყოფა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს უკეთესი. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა – საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში და უნდა იყოს უზრუნველყოფილი მაქსიმალურად აგრესიისგან დაცლილი საპარლამენტო გარემო არჩევნებისათვის”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ამაში წვლილი უნდა შეიტანოს კანონმდებლობამ და საქართველოს პარლამენტი მზად არის, კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს. ირაკლი კობახიძემ კონსესუსის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, შეიქმნება ისეთი ფორმატი, რომელიც მაქსიმალურად უზურნველყოფს კონსესუსის მიღწევას.
„პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე გავაკეთე შესაბამისი განცხადება, რომ ეუთოსთან, ევროსაბჭოსთან, ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობით, მზად ვართ ვიმუშაოთ იმ პრობლემების გადაწყვეტაზე რომელიც გააუმჯობესებს,საარჩევნო გარემოს ჩვენს ქვეყანაში.
ასეთ დროს, როდესაც პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებს ეხება საქმე,  არის ხშირად კონსესუსის პრობლემა;  არა ხშირად,  არამედ, როგორც წესი,  არის კონსესუსის პრობლემა.  თუმცა, იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ერთობლივად, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ისეთი ფორმატის შექმნას, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ასეთი კონსესუსის მიღწევას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ,რომ ამოცანა არის საპარალამენტო არჩევნების თავისუფალ,მშვიდობიან არააგრესული გარემოში ჩატარება და დარწმუნებული ვარ ეს მიზანი, 2020 წლისთვის, აუცილებლად იქნება მიღწეული”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დამსწრეებს მიმართეს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ; ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა; ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ; იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა  და OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა,  გერტ-ჰაინრიხ არენსმა.

კომენტარები

კომენტარი