გიორგი კახიანი: მუდმივმოქმედ დელეგაციებში ახალი კვოტები დავამტკიცეთ

0

“ყოველთვის ხდება, რომ რომელიმე სუბიექტი არ იყოს წარმოდგენილი ამა თუ იმ დელეგაციაში. თუმცა, საბოლოოდ, ვცდილობთ, პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე მოხდეს კვოტების გადანაწილება”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე ვალდებული იყო, მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტები განესაზღვრა. „ეს არის 11 საპარლამენტო დელეგაცია და აღნიშნული საკითხი ყოველთვის გარკვეულ სენსიტივთან არის დაკავშირებული. თუმცა, მინდა გითხრათ, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოხერხდა შეთანხმება და კომიტეტმა დაამტკიცა ახალი კვოტები, რომელსაც წარუდგენს ბიუროს. საბოლოოდ, ბიურო გადაწყვეტს ამ კვოტებს. ყოველთვის არის დელეგაციები. ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფები ითხოვენ დელეგაციებში კვოტებს; მაგრამ რეალობა არის ისეთი, რომ საქართველოს პარლამენტში არის 12 ასეთი სუბიექტი, ფრაქციები და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები. დელეგაციებში, სადაც არის სამი-ოთხი ადგილი, ბუნებრივია, შეუძლებელია, 12 სუბიექტს – ყველას შეხვდეს ადგილი. ამიტომ, ყოველთვის ხდება, რომ რომელიმე სუბიექტი არ იყოს წარმოდგენილი ამა თუ იმ დელეგაციაში. თუმცა, საბოლოოდ, ვცდილობთ, პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე მოხდეს კვოტების გადანაწილება და. იმავდროულად. იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ დაცული იყოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობა კვოტებში“, – განაცხადა გიორგი კახიანმა. მისი განმარტებით, კვოტები გულისხმობს ფრაქციების უფლებას, იყვნენ წარმოდგენილი ამა თუ იმ დელეგაციაში, ხოლო ვის წარმოადგენენ ფრაქციები დელეგაციებში, მათი გადასაწყვეტია.

კომენტარები

კომენტარი