„იმისათვის, რომ კანდიდატი უზენაესის მოსამართლე გახდეს, სააკაშვილის რეჟიმის მსახურებასთან წლების გამოცდილება უნდა აკავშირებდეს“

0

“იმისათვის, რომ კანდიდატი გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ან უნდა იყოს საყოველთაოდ დისკრედიტებული იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეული და დანიშნული, ან უნდა აკავშირებდეს წლების გამოცდილება სააკაშვილის რეჟიმის მსახურებასთან”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. შაქარიშვილი მმართველ ძალას მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით აკრიტიკებს. „ვერანაირი პრაგმატიზმით ავხსნი იმ პოზიციას, რომელიც რეალურად ემსახურება ოდიოზური მოსამართლეების, უსამართლობასთან ასოცირებული მოსამართლეების მოხვედრას სასამართლოში, ზოგადად და, მით უმეტეს, უზენაეს სასამართლოში. ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, გაუგებარია. არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ოდესღაც იყვნენ ცუდები და ეს ადამიანები იყვნენ იმ 10 -კაციან სიაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა. ასეთი ადამიანებისთვის იხსნება გზა იმ საკანონმდებლო ბაზით, რომელსაც შექმნის ახალი კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით მოწონებული იქნა. იქ კრიტერიუმებით, დამატებითი კრიტერიუმებით, პროცედურებით, ვადებით მთელი ეს პროცესი რომ გავაანალიზოთ, მარტივად წაიკითხავთ – იმისათვის, რომ კანდიდატი გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, აუცილებელია , ან უნდა იყოს საყოველთაოდ დისკრედიტებული იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეული და დანიშნული, ან უნდა აკავშირებდეს წლების გამოცდილება სააკაშვილის რეჟიმის მსახურებასთან. ეს ხდება ბარიერი წესიერი, კეთილსინდისიერი ადამიანებისთვის, რომლებიც დღესაც არიან სასამართლოში და, შესაძლოა, ჰქონდეთ სურვილი, მომავალში შევიდნენ სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციაში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მე არ მაქვს პირდაპირი გავლენა ამ გადაწყვეტილებებზე, მივიჩნევ, რომ აუცილებელია, ვიყო აქტიური ამ პროცესში იმიტომ, რომ ასევე ვიყავი აქტიური, როცა, რეალურად, სამართლიანი სასამართლოს პრინციპი იდგა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ და საფრთხის წინაშე სააკაშვილის რეჟიმის დროს“,- განაცხადა შაქარიშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, შაქარიშვილმა „ფეისბუქში“ დაწერა, რომ, პირველი მოსმენით მოწონებული კანონპროექტით, უზენაეს სასამართლოში მოსახვედრად აუცილებელი კრიტერიუმი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზონდერობა აღმოჩნდა. „რადგან დღეს კიდევ ერთხელ შემოგვთავაზეს ლოგიკა ცუდების გაკარგებაზე, ამ თეზისის ავტორს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ მოსამართლის ქცევას არ განსაზღვრავს სისტემა. მოსამართლის ქცევა ეფუძნება შინაგან რწმენას, მორალს, კეთილსინდისიერებასა და კანონს! მოსამართლის პროფესია, ყველა სხვა პროფესიასთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად არის სისტემაზე დამოკიდებული და ყველაზე მეტად არის ინდივიდური. მურუსიძე ყოველთვის მურუსიძე იქნება და მეთოფიშვილი ყოველთვის მეთოფიშვილი… სინდისი ან გაქვს, ან არ გაქვს. ის არც ისწავლება, არც იშოვება!“- წერდა შაქარიშვილი.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი