ირაკლი კობახიძე: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უაღრესად აგრესიული კამპანიით წარიმართა

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე ცუდად შეაფასა.
როგორც ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნები უაღრესად აგრესიული კამპანიით წარიმართა.
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება თითოეული ჩვენგანისთვის საკვანძო მნიშვნელობის ამოცანაა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრესი მიღწევა. 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში სამართლიანი, თავისუფალი არჩევნებია უზრუნველყოფილი და სწორედ ასეთი არჩევნების საფუძველზე ყალიბდება კონსტიტუციური ორგანოები. ამ კუთხით არის ფუნდამენტური წინსვლა. ასევე, ჩვენი ამოცანაა მშვიდობიანი არჩვენების ჩატარება. მშვიდობიანში არ იგულისხმება მხოლოდ ფიზიკური ძალადობის არარსებობა. აქ იგულისხმება ვერბალური აგრესიისგანაც არჩევნების მაქსიმალური გათავისუფლება. ამ კუთხით, გვაქვს გამოწვევები, რაზეც არის აუცილებელი მსჯელობა. საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ, იყო უაღრესად აგრესიული კამპანია. ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. მთავარი მიზეზი არის ის, რომ იყო პოლარიზებული გარემო. ასევე, ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით – ჯერ კიდევ საკონსტიტუციო რეფორმების გახორციელების დროს, ვფიქრობდით, რომ არასწორი იყო საპარლამენტო სისტემაში პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა იმ პირობებში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატებს არ აქვთ საარჩევნო პროგრამები. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო ასეთი სახით საარჩევნო კამპანიის წარმართვა და, სამწუხაროდ, ეს მოლოდინი გამართლდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ეს გარემო შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში. „ზოგადად, იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები. ამ ხარვეზებში ბრალი აქვს სხვადასხვა მხარეს, მათ შორის – მმართველ პარტიასაც. სხვადასხვა კუთხით, იყო პრობლემები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მთელი რიგი ფაქტები. ასევე იყო პრობლემა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ცუდი ტრადიცია – ეს არის აგიტატორების ზედმეტი ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში; ასევე, მთელი რიგი ხარვეზები, რაშიც ბრალი მიუძღვის სხვადასხვა მხარეს, მათ შორის – მმართველ პარტიასაც. მმართველი პარტიის კრიტიკის პრივილეგიას მე დავუტოვებ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი