დავით ნარმანია ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მხარდამჭერთა დარბაზში ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა .
შეხვედრის მთავარი თემა გენდერული თანასწორობა, მარტოხელა დედების უფლებების დაცვა და სოციალური პრობლემები იყო.
დავით ნარმანიას თქმით, აუცილებელია დედაქალაქის მერიაში შეიქმნას გენდერულ საკითხებზე მომუშავე საბჭო და მერს ჰყავდეს სპეციალური მრჩეველი, რომელიც სხვადასხვა თემებზე იმუშავებს, იქნება ეს გენდერული კუთხით ბიუჯეტირება, მარტოხელა დედების უფლებების დაცვა და სხვა უამრავი საკითხი, რომელიც მომავალში აქტიურ ქმედებებს საჭიროებს.
ქალთა უფლებადამცველები ასევე ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებისა და თბილისის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამოქმედო გეგმით დაინტერესედნენ. საუბარი შეეხო ქალაქში მოძრაობის მოწესრიგებასა და შშმ პირებისთვის ადაპტირების პროცესს.
დავით ნარმანიამ არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებს წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ესაუბრა.
შეხვედრაში, რომელსაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ესწრებოდნენ, ქალთა უფლებებზე მომუშავე 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.