გიგა ბოკერია: “თავისუფალი დემოკრატების” ჩვენს ბლოკში გაერთიანება ნიშნავს, რომ ჩვენ წარსულის შეცდომებს ვაანალიზებთ

0

“უხერხულობას ის ჩავარდნები ქმნის, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვქონდა; მაგალითად, “გირგვლიანის საქმე” და არა ის, რომ ადამიანი, ვინც სამართლიანად გვაკრიტიკებდა, დღეს ჩვენთანაა”, – ამის შესახებ გიგა ბოკერიამ “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” ბლოკის შექმნისა და მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის არჩევნებში შალვა შავგულიძის კანდიდატურის წარდგენის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ისეთი ჩავარდნა, როგორიც “გირგვლიანის საქმე” იყო, არის გაკვეთილი, რომელიც “ევროპულ საქართველოს” კარგად აქვს გაცნობიერებული.
“ყველა პროდასავლურ ძალასთან გვაქვს კოორდინაცია. პოლიტიკურ უხერხულობას ქმნის ჩვენი ჩავარდნები იმ პერიოდიდან, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით და არა ის, რომ ადამიანი, ვინც სამართლიანად გვაკრიტიკებდა, დღეს ჩვენთანაა. პირიქით, ესაა დასტური იმისა, როგორია ჩვენი გულწრფელი ხედვა და გაანალიზება წარსულის შეცდომების. მაგალითად, ისეთი ჩავარდნა, როგორიც იყო “გირგვლიანის საქმე” – ეს შემთხვევა ყველაზე მძიმე ჩავარდნა იყო.
მაგრამ, ეს არის გაკვეთილი, რომელიც ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული. გვჭირდება ეფექტური და ანგარიშვალდებული ხელისუფლება, რათა მსგავს შემთხვევებს არასდროს  ჰქონდეს ადგილი”, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი