თეა წულუკიანი: ჩვენ წელსაც და გაისადაც ვაგრძელებთ მშენებლობებს, რადგან სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის მნიშვნელოვანია

0

„რა თქმა უნდა, მშენებლობებს ვაგრძელებთ იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანია სერვისების ხელმისაწვდომობისთვის. მშენებლობა მიმდინარეობს, მალე დასრულდება და, მაის-ივნისში, ჩვენ ხონში გავხსნით იუსტიციის სახლს.
იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ბოლნისშიც“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
მისივე განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იუსტიციის სახლი 3 ქალაქში გაიხსნა.
„ინფრასტრუქტურული გაძლიერება ვახსენე და მინდა გითხრათ, რომ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იუსტიციის სახლები გაიხსნა, სენაკში, მარტვილსა და ახალქალაქში. გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრები ლანჩხუთში, აწყურში, სანიორეში, ნაფარეულში, ზედა საზანოში, ლესიჭინეში, საჩხერეში, წნორში, დმანისში, ახალსოფელში, მუხრანში, უდაბნოსა და საწირეში. ქორწინების სახლები გაიხსნა ახალქალაქში, მარტვილსა და სენაკში“.
მინისტრმა იუსტიციის სახლის სამომავლო მშენებლობებზეც ისაუბრა და ის ქალაქები დაასახელა, სადაც, 2020 წლის ბოლომდე, იუსტიციის სახლის ფილიალების მშენებლობაა დაგეგმილი.
„მიმდინარე და 2020 წლამდე დაგეგმილ იუსტიციის სახლებს რაც შეეხება – ხონსა და ბოლნისზე უკვე მოგახსენეთ. სამუშაოები მზადდება და წელსვე დაიწყება მშენებლობები ქარელში, სამტრედიაში, წყალტუბოში, ხაშურში, გარდაბანსა და ზესტაფონში. ამით, ძვირფასო დეპუტატებო, 2020 წლისთვის, ამ ხელისუფლების პირობებში, შეგვეძლება ვთქვათ, რომ აშენდა და გაიხსნა 18 იუსტიციის სახლი და 70 საზოგადოებრივი ცენტრი, 6 რეგიონული არქივი და არაერთი სხვა ინფრასტრუქტურა. მე მივიჩნევ, რომ ამგვარი ინფრასტრუქტურული საქმიანობა არის უპრეცენდენტო იუსტიციის სისტემის განვითარების ისტორიაში და მე მინდა, სწორედ ამ ტრიბუნიდან, მადლობა ვუთხრა თითოეულ იუსტიციელს, კოლეგა უწყებებს, მაჟორიტარებს, მუნიციპალიტეტებსა და ყველას, ვინც ამაში დაგვეხმარა”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
აღსანიშნია, რომ, 2013 წლიდან დღემდე, უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის იუსტიციის სახლები.

კომენტარები

კომენტარი