თეა წულუკიანი: ეროვნული არქივის კინოთეატრი არ ჩამოუვარდება „კავეას“, „ამირანსა“ და „რუსთაველს“

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მუშაობის ანგარიშის წარდგენისას, ეროვნული არქივის ახალგახსნილ კინოთეატრზე ისაუბრა: მისი თქმით, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და გაიხსნა ეროვნული არქივის კინოდარბაზი. „ეს არის კინოდარბაზი, სადაც, 1970-1990-იან წლებში, იმართებოდა ეროვნულ არქივში შენახული ფირების ჩვენება და იყო კულტურული სივრცე – რა თქმა უნდა, საბჭოური და ძველებური სტილის. დღეს კი, რეკონსტრუქციის შედეგად, ჩვენ გვაქვს თანამედროვე კინოთეატრი, რომელიც არ ჩამოუვარდება „კავეას“, „ამირანსა“ და „რუსთაველს“. ეს არის კინოდარბაზი, რომელიც იმავე სტანდარტებს აკმაყოფილებს – იქნება ეს „დოლბი“ ხმის სისტემა, თუ სხვა. მაგრამ არის კიდევ უფრო უკეთესი, რადგან არ არის კომერციული და ბილეთის ღირებულება – 5 ლარი – საშუალებას გვაძლევს, მაგალითად, მულტიპლიკაციური ფილმების ფესტივალი მოვაწყოთ და ბავშვებს ხელმისაწვდომ ფასად ვაზიაროთ კულტურის ნიმუშები; ასევე, ახალგაზრდა, ჩვენი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დავეხმაროთ, რადგან, როგორც იცით, ფესტივალებზე მონაწილეობა ხანდახან არის შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, თუკი შენი ქვეყნის შიგნით შესაბამისი სტანდარტის კინოდარბაზში გაქვს ნაჩვენები შენი ნამუშევარი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, 22 მარტს, ეროვნული არქივის კინოთეატრში, მულტიპლიკაციური ფილმების ფესტივალი იხსნება. „ეს დარბაზი არის ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ეროვნული არქივის შენობაში და, პარასკევს, ყველას გეპატიჟებით. აქ იხსნება ფესტივალი სწორედ იმ მულტიპლიკაციური ფილმებისა, რომლებიც, სხვა მხრივ, არის ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელი. UNICEF-ის კვლევამ აჩვენა, რომ არაერთ ბავშვს საქართველოში ერთი წიგნიც კი არ აქვს – არამც თუ მისთვის სასურველ ფილმებზე ხელმისაწვდომობა. ამ მხრივაც ვმუშაობთ. ესეც არის ჩემთვის საამაყო „წარუმატებლობა“, როგორც დღეს მჭევრმეტყველებდა არაერთი ოპოზიციონერი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები