“ექსპო ჯორჯიაში” ბელარუსული პროდუქციის გამოფენა “Made in Belarus” გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

დღეს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” ბელარუსული პროდუქციის გამოფენა “Made in Belarus” გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მიხაილ რუსთან ერთად ოფიციალურად გახსნა.
გამოფენაში 75-ზე მეტი ბელარუსული კომპანიის 150 წარმომადგენელი მონაწილეობდა. წარმოდგენილი კომპანიების საქმიანობის სფეროებია: ნავთობქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული ნაწარმი და სამედიცინო სერვისე3ბი, სამშენებლო მასალები და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტები, ასევე მომსახურების სფერო და განათლება.
ბელორუსული კომპანია “მაროზპროდუქტ”-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი, ვიქტორია ბიკოვა “კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები კარგი პლატფორმაა საქართველოში ახალი კონტაქტებისა და პარტნიორების მოსაზიდად, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, კომპანია საქართველოს ბაზარზე ბიზნესის გაფართოებას გეგმავს და იმედოვნებს, რომ ეს ფორუმი მათ რეგიონული სეგმენტის სრულ ათვისებაში დაეხმარე. 
“ფორუმში უკვე მეორედ ვიღებთ მონაწილეობას. ეს ძალიან კარგი პლატფორმაა ახალი კონტაქტებისა და ურთიერთობების დასამყარებლად ბელარუსული პროდუქციის ქართულ ბაზარზე შემოტანის ხელშეწყობისთვის, როგორც ადგილობრივ ქსელურ მაღაზიებში, ისე რეგიონულ სეგმენტზე. ამ ფორუმიდან, როგორც უკვე აღვნიშნე, ახალი კონტაქტების მოზიდვას, ახალი პარტნიორების გამოჩენას ველით, ამასთან გვაქვს იმედი, რომ იმ რეგიონებსაც მოვიცვამთ, სადაც ჯერ არ გვაქვს ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი. რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს ბიზნესს საქართველოს ტერიტორიაზე გააფართოებს. ჩვენ უკვე ორი წელია ქართულ ბაზარზე ვფუნქციონირებთ და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროდუქცია მხოლოდ ნატურალური პროდუქტით მზადდება, მცირე დროში საკმაოდ დიდი პოპულარობაც მოვიპოვეთ, თუმცა გაფართოებას, რა თქმა უნდა ვგეგმავთ”, – განაცხადა ვიქტორია ბიკოვამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე ბიზნესფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმზე ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის 15 პარტნიორული ხელშეკრულების გაფორმებაა დაგეგმილი, რაც თავის მხრივ, ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობის გაზრდას უზრუნველყოფს.
“დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია 15 პარტნიორული ხელშეკრულების გაფორმება ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის, რაც ძალიან კარგი შედეგია ამ ტიპის ღონისძიებების, რომლებიც ყოველწლიურად, ტრადიციულად ტარდება, როგორც საქართველოში ასევე ბელარუსიის რესპუბლიკაში. აღნიშნული ბიზნესფორუმი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობის გაზრდას, ასევე პარტნიორების მოძიებას ჩვენი, ქართული კომპანიებისთვის და როგოც მათი პროდუქციის ექსპორტს, ასევე ერთობლივი საწარმოების დაფუძნებას”, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები