ირაკლი სესიაშვილი: გვჭირდება საკმაოდ დიდი სამხედრო სარეზერვო სამსახური, რაც პირდაპირ კავშირშია გაწვევის სისტემასთან

თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ითქვას, გაწვევა მთლიანად ჩავარდება, რაც ძალიან სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ჩვენს ქვეყანას, მთლიანად თავდაცვის უსაფრთხოების სისტემას, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„გაწვევის გეგმასა და შესრულებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. დღესდღეობით, დანაკლისი 9 500-დან უკვე 4 000-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ განახევრებულია. პრობლემა არის ხელოვნურად შექმნილი შესაძლებლობა, რომელიც „გირჩმა“ არაკეთილსინდისიერად გამოიყენა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, კონსტიტუცია გვეუბნება, რომ გაწვევა ყველასთვის სავალდებულოა, კანონი კი ამბობს, რომ ასეთი შეღავათი არსებობს მღვდელმსახურისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ მღვდელმსახურის უკან შინაარსია.

„ბუნებრივია, იმის დისკურსში არ შევალ, „გირჩის“ სახით მართლაც რელიგიურ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე თუ არა. ჩვენ ხომ მართალი უნდა ვიყოთ კონსტიტუციასთან და შესაბამის კანონებთან?! ადამიანი, რომელიც გარკვეულ სასულიერო იერარქიას წარმოადგენს, მთლიანად იხარჯება რელიგიურ ცხოვრებაში, რაც შინაარსობრივად შეიძლება, ამ ბიბლიური თავისუფლების ეპისკოპოსებში ვერ ნახოთ. თუმცა, ეს საშუალება მათ გამოიყენეს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ანალიტიკოს მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, გვინდა თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური იმ ფორმით, რითაც გვაქვს, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ არ გვინდა, მაგრამ გვჭირდება.

„ასეთივე პასუხს გაგცემთ საბერძნეთი, თურქეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, ნორვეგია, ფინეთი, ისრაელი და ა.შ. საერთოდ, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ის ვითარება, რაც ქვეყანაშია. სავალდებულო სამხედრო სამსახური გვჭირდება. ეს გამოწვეულია პირველ რიგში, ოკუპაციით და მეორე, ოკუპაციასთან ერთად იმ საფრთხეებით, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს. ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ გვაქვს ტოტალური თავდაცვის პრინციპი, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში მთელი ქვეყანა თავს იცავს თავისი ყველა რესურსით. შესაბამისად, გვჭირდება საკმაოდ დიდი სამხედრო სარეზერვო სამსახური, რაც პირდაპირ კავშირშია გაწვევის სისტემასთან. ბევრი ჩვენი წვევამდელი გამოთქვამს სურვილს, უსაფრთხოების და შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფში იმსახუროს, რადგან არიან წვევამდელები, რომლებსაც სურვილი აქვთ, ამ სისტემებთან მეტი სიახლოვე ჰქონდეთ. პირობები ამ ორ უწყებაში ძალიან კარგია, ისევე, როგორც თავდაცვის სამინისტროში და შესაბამისად, ეს მიმზიდველობა არსებობს, მაგრამ 21-ე საუკუნეში, მთელ მსოფლიოში, სამხედრო სამსახურის მიმართ ნიჰილიზმი სულ უფრო მეტია. იქაც კი, სადაც მთლიანად საკონტრაქტო სამხედრო სამსახურია, ქვეყნებს უჭირთ იმ პირების რეკრუტირება, ვინც შემდგომ პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე უნდა გახდეს. ეს არის 21-ე საუკუნის გამოწვევა. ზოგადად, არის სურვილი, როგორ ავარიდოთ თავი სამხედრო სამსახურს, მაგრამ ამ ყველაფერს მეორე მხარე აქვს. ვიცით, რომ ქვეყნის წინაშე საფრთხეებია და ჩვენ თავის მხრივ ვალდებულება გვაქვს, ჩვენი მოქალაქეები სამხედრო საქმისთვის მოვამზადოთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები