მამუკა ბახტაძემ და სესილია მალმსტრომმა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, სესილია მალმსტრომმა, შეხვედრაზე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე მიღწეული კონკრეტული შედეგები და საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია განიხილეს.
როგორც „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ინიციატივები ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, ეკონომიკური მოდერნიზაციის, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით, ასევე – მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის კუთხით.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებამ ხელშესახები შედეგები მოიტანა და სულ უფრო იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებენ. საუბარი შეეხო პოტენციურ საექსპორტო პროდუქტებს, რომელთა გატანა ევროკავშირის ხარისხის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ გახდება შესაძლებელი. შეხვედრისას, იმსჯელეს ევროკომისიის მხარდაჭერით შემუშავებულ საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც კონკრეტული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსების სამოქმედო გეგმას მოიცავს. პრემიერმინისტრმა ევროკავშირს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა  იმ დახმარებისათვის, რომელსაც საქართველო იღებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების გახორციელების პროცესში, ასევე – მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის. მამუკა ბახტაძემ, ამ კუთხით, გამოყო საფინანსო შეთანხმებები „უნარების განვითარების მხარდაჭერა” და „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც საქართველოსთვის გათვალისწინებულია სოლიდური დახმარება”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
შეხვედრა დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები