სალომე ზურაბიშვილმა ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებასთან რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და პირველი შეხვედრა მარნეულში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა.
როგორც „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას, რეგიონის ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ პოტენციალს.
„საქართველოს პრეზიდენტმა, რეგიონში ეთნიკური უმცირესობების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ქართული ენის სწავლების მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის ზრდაზე, კულტურული და ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით, ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავებასა და წამოწევაზე, სხვადასხვა ფესტივალის ხელშეწყობაზე, განსაკუთრებით – თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით. მარნეულის გამგობაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი; მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე; მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე; მარნეულის მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძე და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომაის მოადგილე, მამუკა ნავერიანი; საქართველოს პრეზიდენტის მრჩვევლები – ქეთევან მახარაშვილი და ქეთევან თათოშვილი, კოტე ნაცვლიშვილი“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, მარნეულში, სოფელ თამარისში, სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან დაგეგმილია შეხვედრა, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობის ,,მზა ჩითილი” მონახულება, ბოლნისში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერება, ბოლნისის გერმანული უბნის -კატერენენფელდისა და ეკომიგრანტ ქალთა ყველის გადამამუშავებელი საწარმოს დათვალიერება.

საქართველოს პრეზიდენტი რეგიონულ შეხვედრებს 20 მარტს გარდაბანში დაასრულებს და ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობის სახალხო დღესასწაულს, ნოვრუზ-ბაირამს მიულოცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები