ზილფიმიანი „სტერეო პლუსის“ საქმეზე: უზენაესი სასამართლოსთვის შედეგი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე – სამართლიანობა

“უზენაესმა სასამართლომ „სტერეო პლუსთან“ დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით თავი უხერხულ მდგომარეობაში იმიტომ ჩაიგდო, რომ დამდგარი შედეგი იმ მომენტში მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე – სამართლიანობა”, – ამის შესახებ პირველი კერძო მულტიპლექს ოპერატორის, „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელმა, დავით ზილფიმიანმა, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უზენაესი სასამართლოს განაჩენით, დაყადაღებულია ზილფიმიანის მთელი ქონება – „სტერეო პლუსის“ წილის ჩათვლით.
ზილფიმიანის განცხადებით, ეს კომპანიის წართმევის უშედეგო მცდელობაა. პროცესი, ამჟამად, საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება. დავით ზილფილიანის განცხადებით, მთელი ამ პროცესის უკან ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი დგას. მისი თქმით, სწორედ ბეჟუაშვილისაა კომაპანია Chemexim International-ი , რომელმაც ზილფიმიანის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა.
„ვიცით, საიდან მოდის ეს ისტორია – ჯერ კიდევ „სტერეო პლუსის“ დარბევა, რომელიც ლამის სრულიად საქართველომ პირდაპირ ეთერში ნახა. დასანანია, 7 წელი გავიდა და ეს საქმე, კვლავინდებურად, პროკურატურაში თაროზეა შემოდებული. ამის ფონზე, დაახლოებით იმავე ფიგურების მონაწილეობით, 2 წლის წინ, სრულიად უსაფუძვლო ბრალდებით ჩემ წინააღმდეგ, როგორც კომპანიის მთავარი მეწილის წინააღმდეგ, შევიდა უსაფუძვლო სარჩელი, რომელიც პირველმა ინსტანციამ არასწორად მიიჩნია და ჩემ სასარგებლოდ გადაწყდა დავა. მეორე ინსტანციაშიც ეს დავა ძალიან სწრაფად, ჩემ სასარგებლოდ გადაწყდა. წელიწად-ნახევრის წინ, პროცესმა გადაინაცვლა უზენაეს სასამართლოში და უზენაესმა სასამართლომ, წელიწად-ნახევრიანი ფიქრის შემდეგ, დააყენა ის შედეგი, რა შედეგიც გვაქვს სახეზე დღეს – ანუ, პრაქტიკულად, შეცვალა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების შედეგები. არ დააბრუნა საქმე წარმოებაში. თავად განიხილა საქმე – ზეპირი მოსმენის გარეშე. ორი დავის მოგების შემდეგ, ცხადია, არაფერს მოველოდი გარდა იმისა, რომ, უბრალოდ, ძალაში დატოვებდა , ან იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდა უზენაესი სასამართლო.
მოულოდნელად კი, გამოიტანა საპირისპირო გადაწყვეტილება. ამ სიტუაციაში ძალიან კონკრეტულ საკითხთან გვაქვს საქმე. ეს არ არის ზოგადი საუბარი უსამართლობასთან დაკავშირებით. შედეგი სახეზეა – როგორც პირველი ინსტანციის, ისე მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება გაუქმდა. პრაქტიკულად, ნულოვანი შედეგი აქვს ჩემს შემთხვევაში და, საერთოდაც, ამ სასამართლოების გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ მაინც ის შედეგი დადგება, რასაც მიიჩნევს უზენაესი სასამართლო. ერთადერთი კუნძული, რასაც შეგვიძლია, საქართველოში მივაკითხოთ ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იყო და შეაჩერა აღსრულება. მაგრამ, ამით არაფერი მთავრდება. ცხადია, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ, რადგან ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური და უსამართლო იყო, მთლიანად გაუქმდეს. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას დააკმაყოფილებს, თუ არადა, აღარაფერი დაგვრჩენია, გარდა სტრასბურგისა“,- განაცხადა ზილფიმიანმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, პროცესის უკან დავით ბეჟუაშვილის იდგეს, ზილფიმიანმა განაცხადა: „შესაძლოა, არა. რა თქმა უნდა! ეპითეტს არ ვიხმარ. საზოგადოებისთვის ცნობილია მისი წარსული. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ წელიწად-ნახევარი იმიტომ იყო ეს საქმე უზენაეს სასამართლოში , რომ ეს შედეგი უნდა დამდგარიყო და დააყენეს ეს შედეგი. სხვა რა შეიძლება იყოს, თუ არა დაგეგმილი შედეგი? უზენაესმა სასამართლომ „სტერეო პლუსთან“ დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით თავი უხერხულ მდგომარეობაში იმიტომ ჩაიგდო, რომ დამდგარი შედეგი იმ მომენტში მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე – სამართლიანობა. უზენაეს სასამართლოში გარემო, ალბათ, მზად იყო იმისათვის , რომ ეს შედეგი დამდგარიყო , რადგან არავისთვის არის დასამალი დღეს, როგორ კომფორტულად იმყოფება მსგავსი ბიზნესმენი საქართველოში“,- განაცხადა ზილფიმიანმა.
აღნიშნული საქმის დეტალების შესახებ ზილფიმიანის ადვოკატმა, ალექსანდრე ბარამიძემაც ისაუბრა. „სარჩელი სასამართლოში შეიტანა Chemexim International-მა, რომელიც არის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია. მისი სარჩელი ეფუძნებოდა მოთხოვნას, რომ თითქოს Chemexim International -მა დავით ზილფიმიანს ასესხა გარკვეული ოდენობის თანხა (დაახლოებით, 200 ათას დოლარზე მეტი). თუმცა, ვერ მოიყვანა ვერცერთი მტკიცებულება ამის დასასაბუთებლად. ვერ დაამტკიცა, რომ მართლაც ჰქონდა ადგილი სესხის ხელშეკრულებას. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა სწორედ ეს თქვა – მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არსებობდა. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მან, პირველ ყოვლისა, საპროცესო დარღვევით გამოიტანა გადაწყვეტილება, რადგან საკუთარი არგუმენტაციით – ისეთი არგუმენტაციით, რომელიც მხარეებს არ მოუხმიათ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში – შეცვალა გადაწყვეტილება. ეს არგუმენტაცია იყო ის, რომ, თითქოს, ქვემორე სასამართლოებმა არ იხელმძღვანელა ე.წ. სესხის ხელშეკრულების პრეზუმფციით, რომელსაც, თითქოს, კანონი ითვალისწინებს . ჯერ ერთი, ამგვარ პრეზუმფციას კანონი არ ითვალისწინებს . მიუთითა რა ამგვარ პრეზუმფციაზე უზენაესმა სასამართლომ, არამხოლოდ არასწორად განმარტა კანონი, არამედ თავად შექმნა კანონის ნორმა , რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მეორე დარღვევა არის ის, რომ თუ სურდა, თავის გადაწყვეტილება დაეფუძნებინა ისეთ არგუმენტზე, რომლის განხილვა ქვემორე სასამართლოებში არ მომხდარა, მაშინ, უზენაეს სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე კი არ უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება, მინიმუმ, უნდა დაენიშნა ზეპირი მოსმენა, რათა მხარეებისთვის შესაბამისი კითხვები დაესვა. უზენაესმა სასამართლომ არ დანიშნა რა საქმის ზეპირი მოსმენა და მოიყვანა რა საკუთარი არგუმენტი, რომლის თაობაზე მსჯელობა ქვემორე სასამართლოებში არ ყოფილა, ამის გამო მისი გადაწყვეტილება არის უკანონოც და დაუსაბუთებელიც. ამ კუთხით, საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს შეტანილი სარჩელი. ასევე, შეტანილი გვაქვს საჩივარი ევროპულ სასამართლოში. უზენაესმა სასამართლომ ნამდვილად ჩაიგდო თავი უხერხულ მდგომარეობაში, რადგან გამოიყენა კანონის ის ნორმა, რომელიც არ არსებობს. საპროცესო დარღვევითაც გამოიტანა გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბარამიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები