შსს “ჯიპებს” 50 სედანის ტიპის ავტომობილით ჩაანაცვლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისთვის სედანის ტიპის ავტომობილების შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კონსოლიდირებული ტენდერია გამოცხადებული. სამინისტრო ახალი ავტომობილებით ქალაქის პირობებში მომუშავე ოპერატიულ, მაღალი გამავლობის “ჯიპებს” ჩაანაცვლებს. ტენდერის პირობები, ასევე – ვადები, გამჭირვალე და განსაზღვრულია როგორც სხვა კონსოლიდირებული ტენდერების შემთხვევაში. უწყების ცნობით, ტენდერი 14 მარტს გამოცხადდა. განცხადების მიღება დასრულდება დღეს, 19 მარტს. მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ბიზნესოპერატორს შეუძლია. “ტენდერი გამოცხადებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 20(2) მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით, აგრეთვე – „2019 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით გახორციელების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 დეკემბრის № 2299 განკარგულების საფუძველზე. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 13 მარტს, შესყიდვების სააგენტოს საიტზე ტენდერი გამოაცხადა ლაბორატორიული ინვენტარის შეძენაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა. ამ მიზნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი განთავსდება ახალ ადმინისტრაციულ შენობაში. საექსპერტო-კრიმინალისტიკურ შენობაში დაგეგმილია დნმ ექსპერტიზის დანერგვა, რაც მოიცავს, გენეტიკური პროფილის მიხედვით, პიროვნების იდენტიფიცირებას. ახალი ლაბორატორია ხელს შეუწყობს მომხდარ დანაშაულზე სწრაფ რეაგირებას. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტს ჰქონდეს სათანადო ლაბორატორიული ინვენტარი, რაც უზრუნველყოფს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების სრულყოფილად და შეუფერხებლად გახორციელებას. ლაბორატორიული ინვენტარის განთავსება მოხდება ბიოლოგიური დნმ, ქიმიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, ხელნაწერებისა და დოკუმენტების ექსპერტიზის, სახანძრო და ასაფეთქებელი მოწყობილობების, ტრსალოგიური და სხვა ლაბორატორიებში. შესასყიდი ლაბორატორიული ინვენტარი, ჩვეულებრივი საოფისე ავეჯისგან განსხვავებით, მზადდება სპეციალური მასალების გამოყენებით საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. აღნიშნულ ტენდერში განაცხადების მიღება დასრულდება 26 მარტს”,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები