გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის ანგარისი და 2019 წლის სამოქმედო გეგმა მოისმინეს

,,ყველას ძალიან კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს ეროვნული სააგენტოს სწორი ფუნქციონირება მთლიანად ქვეყნისათვის და ბევრი სხვა უწყების სწორად ფნქციონირებისათვის,”- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2019 წლის სამოქმედო გეგმა მოისმინეს.

კახა კუჭავას თქმით,  კომიტეტი გარემოს ერვონული სააგენტოს ანგარიშის მოსმენით სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მოსმენას იწყებს. მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ უფრო დეტალურად გამოიკვეთოს თითოეული სამსახურის წინაშე მდგარი პრობლემები, რათა საჭიროების შემთხვევაში თვით საკანონმდებლო დონეზე იყოს რეაგირება.

კომიტეტის სხდომაზე საკითხი სააგენტოს უფროსმა,  ანდრო ასლანიშვილმა გამოიტანა და დეტალურად ისაუბრა სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებზე, მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, სააგენტოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ამოცანებზე, სამომავლო გეგმებზე ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა,  სააგენტოს შემადგენლობაში ოთხი დარგობრივი დეპარტამენტია: გარემოს დაბინძურების მონიტორინგის, ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტები. მისი თქმით, წლეულს სააგენტოს ბიუჯეტი 11 მლნ ლარია, შედარებით მეტი, ვიდრე ეს 2018 წელს იყო, თუმცა სააგენტოს წინაშე დასახული ამოცანების სრულყოფილად და ფართომასშტაბიანი შესრულებისთვის მაინც არასაკმარისია.

ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, 2018 წელს გაფართოვდა ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული მონიტორინგის ქსელი, გაიზარდა წყლის ხარისხის მონიტორინგის ქსელის დინამიკა და ნიადაგის მონიტორინგი, გაძლიერდა გარემოს დაბინძურების მონიტორინგი, გაჩნდა გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბაზების უახლესი მონაცემებით შევსების საშუალება. მნიშვნელოვანია, რომ წელს თბილისში ამოქმედდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგური, დაინერგება ჰაერსა და სხვა მასალებში აზბესტის ბოჭკოების ანალიზები. მომხსენებლის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაინერგება თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემა. სულ უფრო ფართოვდება სტანდარტული და სპეციალიზებული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების ქსელი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი საგრანტო დახმარება, რის ფარგლებშიც დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მდინარეზე ავტომატური წყლის დონის მზომი სადგურები  და ბათუმსა და ფოთში ავტომატური საზღვაო მეტეოროლოგიური სადგურები დაიდგა. ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მიერ შარშან განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებათა შორისაა ის, რომ გლაციოლოგიური კვლევები ჩატარდა მდინარე ენგურის აუზის მყინვარებზე, მომზადდა  საქართველოში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ახალი სამშენებლო-კლიმატური ნორმები და სხვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა სტიქიური გეოლოგიური პროცესების მართვის კუთხით გეოლოგიის დეპარტამენტის საქმიანობაზე, ასევე მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მუშაობაზეც ისაუბრა  და მათ საჭიროებებზეც გაამახვილა ყურადღება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს გაფართოვდა შავი ზღვის მონიტორინგის ღონისძიებები, პირველად, საქართველოს ისტორიაში, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების აკუსტიკური კვლევა და თევზის რესურსების შეფასება სამეცნიერო კვლევითი გემით განხორციელდა ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის პროექტის ფარგლებში. წელს იგეგმება აკვაკულტურის კანონმდებლობაზე მუშაობის დასრულება.

მომხსენებელმა ყურადღება საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობასაც დაუთმო, რომელთაგან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კლიმატის მწვანე ფონდთან და იტალიის რესპუბლიკის გარემოს, ხმელეთისა და ზღვის სამინისტროსთან.

შემდეგ შეხვედრა, რომელშიც კანონმდებლები,   არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ, დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები