სამშენებლო ობიექტზე, საიდანაც სამი ადამიანი ჩამოვარდა, მშენებლობის პროცესი შეჩერდა

ორთაჭალაში მდებარე სამშენებლო ობიექტზე, საიდანაც სამი ადამიანი ჩამოვარდა, მშენებლობის პროცესი შეაჩერეს. ამის შესახებ შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„16 მარტს უბედური შემთხვევა მოხდა ორთაჭალაში, კომპანია „ემ.ჯი ალიანსის“ სამშენებლო ობიექტზე. დაღუპულია ორი დასაქმებული.
საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას, დასაქმებული პირები შენობის გარე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ, დაკიდული ხარაჩოს მეშვეობით, რა დროსაც მოწყდა ბაგირი და მასზე მდგომი სამი დასაქმებული სიმაღლიდან ჩამოვარდა.
მომხდარზე დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა აღნიშნულ შემთხვევაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება და უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით, დაიწყო ობიექტის შემოწმება.
დღის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსაქმებლებს, უზრუნველყონ, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მხრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების თითოეულ დარღვევას, განსაკუთრებით, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები