„ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ხელმოწერაა და აქ კინკლაობა არ იქნება”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვების მოხსნის მიზეზით ხსნის. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ხელშეკრულება იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ აუცილებელია, მასზე ხელმოწერა იყოს მტკიცე ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე და ეს ისტორიული დოკუმენტი აბსოლუტურად მტკიცედ შევიდეს ძალაში. “ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად მოვხსნათ კითხვები, რომელიც წარმოიშვა ამ მიმართულებით და ბუნებრივად გადავეცით ეს უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს. შესაბამისად, ხელმოწერის შემდეგ არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად ლეგიტიმური იყო ეს ხელმოწერა, არ იარსებებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება და ეს კითხვა ამ გადაწყვეტილებით მოვხსენით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე განცხადებით, ამ საკითხს კონსულტაციები არ სჭირდებოდა, რადგან ეს საკუთარი უფლებამოსილების დათმობის გადაწყვეტილებაა.
“ამ საკითხს არ სჭირდებოდა კონსულტაციები, რადგან ეს არის საკუთარი უფლებამოსილების დათმობა. შესაბამისად, ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე დავუთმეთ ჩვენ ეს უფლება პრემიერ-მინისტრს, გავამაგრეთ ეს დათმობა იურიდიული საფუძვლით, რათა ამ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე არასდროს არ დაისვას კითხვა. მოტივაცია აქ არის ნათელი – ეს არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ხელმოწერა და აქ კინკლაობა არ იქნება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები