არჩილ თალაკვაძე: მადლობას ვუხდი პოლიციელებს, მათ ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე იმუშავეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მისი ბინის გაქურდვის ფაქტს ეხმაურება. როგოც თალაკვაძე აღნიშნავს, პოლიციამ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა და პრაქტიკულად, ცხელ კვალზე გახსნა საქმე.
„მოხდა ქურდობის ფაქტი. პოლიციამ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა და პრაქტიკულად, ცხელ კვალზე გახსნა საქმე. მოპარული იყო ჩემი პირადი პისტოლეტი და ფული. რამდენადაც ცნობილია, ერთი პირი ამ საქმეზე დაკავებულია და მოპარული ნივთები ამოღებულია. ქურდობა ორი დღის წინ მოხდა და ქურდობის დროს, სახლში არ ვიმყოფებოდით. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს. მათ ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე იმუშავეს. სხვა დეტალებს ამ მომენტში ვერ გეტყვით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ქურდობის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 14 მარტს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა. სამართალდამცველებმა, ნაქურდალი თანხა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები