ამირან სალუქვაძე: მთელი სახელმწიფო შევყურებთ ამ ანაკლიის პროექტს და რას ვიღებთ?

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ანაკლიის კონსორციუმისა და ბანკების მხრიდან სახელმწიფოსგან ტვირთბრუნვის დაზღვევის მოთხოვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, მთავრობის ადგილას, ის ან ახალ ტენდერს გამოაცხადებდა, ან ტენდერის გარეშე ააშენებდა და აშენების შემდეგ, კონკურსის საფუძველზე, ექსპლუატაციაში პორტის გამოცდილ ოპერატორს გადასცემდა.
“საღი აზრი მოკვდა საქართველოში? ოღონდ პოლიტიკურად მომგებიანი იყოს და წყალს წაუღია ყველაფერი?! ანაკლიის კონსორციუმი და ბანკები სახელმწიფოსგან ითხოვენ ტვირთბრუნვის დაზღვევას? იცით, ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ პორტის ოპერატორს შეუძლია, მხართეძოზე წამოწვეს და არაფერზე იდარდოს. თუ კარგად იმუშავებს, ტვირთებს მოიზიდავს, მოგებას ჯიბეში ჩაიდებს. თუ ცუდად იმუშავებს და საკმარისი ტვირთები არ ექნება, ზარალს სახელმწიფო, ანუ მე და თქვენ ავუნაზღაურებთ. ​რა მაგარი ბიზნესია?!
მახსოვს, ბიზნესსესხი მქონდა ასე, 12 წლის წინ. დამავიწყდა ბანკისთვის მომეთხოვა კლიენტების ნაკლებობა დამეზღვია. ერთ რაიმეს აგიხსნით, ვინც არ იცით. ანაკლიის კონსორციუმი პორტს 50 წლით იღებს, შემდეგ სახელმწიფოს უნდა დაუბრუნოს. აქედან 20 წლის მანძილზე, გათავისუფლებულია გადასახადისგან, შემდეგი 30 წელი კი გადაიხდის მიზერულ 2-3%-ს. ახლა კიდევ ტვირთბრუნვა და პახმელია დავუზღვიოთ და აეწყობათ ცხოვრება, სახელმწიფოს ხარჯზე. ისედაც, უკვე ტენდერის შემდეგ, უამრავი შეღავათი მიიღეს.
როგორც წინა პოსტში დავწერე, მთელი აჟიოტაჟი სახელმწიფოზე ზეწოლის და ამ ფონზე, უკეთესი პირობების მიღების მიზნით იყო. მოლოდინი გამართლდა. დღეს ტელევიზიით ვრცელდება ინფორმაცია 8-პუნქტიანი მოთხოვნის მთავრობაში გადაგზავნის შესახებ. რა გამოდის, ტენდერი მოიგეს ერთი პირობით, პირობებს არ ასრულებენ. უკვე უამრავი დამატებითი შეთანხმება გააფორმეს, ვადების, მშენებლობის ფაზების გაწელვის, პირობების შეცვლის მიზნით. მთელი სახელმწიფო შევყურებთ ამ ანაკლიის პროექტს და რას ვიღებთ? მესმის, რომ ძირითადი მოგება პორტის საქმიანობიდან არ უნდა მივიღოთ, მაგრამ რაში გვაწყობს პირობების გაუარესება? ტვირთბრუნვა დაუზღვიე, ოკუპანტებთან გარანტად დაუდექი, ცივი ნიავი არ უნდა გააკარო, ყველაფერში გარანტად დაუდექი, თვითონ მხოლოდ ფულს დათვლიან 50 წელი. მთავრობის ადგილას, ან გამოვაცხადებდი ახალ ტენდერს, ან ავაშენებდი ტენდერის გარეშე და აშენების შემდეგ, კონკურსის საფუძველზე გადავცემდი ექსპლოატაციაში პორტის გამოცდილ ოპერატორს”, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები