გიგი წერეთელი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კარგი გზამკვლევია ნებისმიერი გონიერი ხელისუფლებისთვის

„ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, გიგი წერეთელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს აფასებს. მისი თქმით, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც ანგარიშშია ასახული.
როგორც მან განაცხადა, ნებისმიერი გონიერი ხელისუფლებისთვის ეს კარგი გზამკვლევი იქნებოდა.
„განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ტრადიციულ საკითხებთან ერთად, რაც ადამიანის უფლებებს ეხება, კიდევ უფრო გამწვავებულია, განსაკუთრებით, არჩევნების შეფასება, ასევე მედიაგარემო, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ახლა იმის თქმა, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მხოლოდ ერთი წყაროსგან აქვს და ამაში არასამთავრობო სექტორი დავადანაშაულოთ, რა თქმა უნდა, ძალიან მიამიტურია. ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიშია და მას ბევრი წყარო ჰყავს. ხელისუფლებამ ამ წყაროებს კი არა, მიზეზებს უნდა ებრძოლოს, რატომ არის კრიტიკული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო მხარდაჭერა.
​მწვავე დასკვნები და კრიტიკული შეფასება არასდროს იქონიებს კარგ გავლენას, კარგ გავლენას იქონიებს მხოლოდ მაშინ, როდესაც დაინახავენ, რომ ნაბიჯები იდგმება გამოსასწორებლად. თავის მოტყუება არ უნდა იყოს. უნდა იყოს ბრძოლა იმ მიზეზების გამოსასწორებლად, რაც ანგარიშში მოხვდა. ეს ძალიან კარგი გზამკვლევია ნებისმიერი გონიერი ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები