სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Boeing 737-8 MAX-ისა და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივცეში დროებით შეაჩერა

მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) Boeing 737-8 MAX-ისა და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში დროებით შეაჩერა.
„სააგენტო (GCAA) თვალყურს ადევნებს ამერიკის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გამოშვებულ უსაფრთხოების მითითებებს და დირექტივებს. Boeing 737 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში იზღუდება დროებით, სანამ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, საავიაციო შემთხვევის მოკვლევის ორგანოებს, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებსა და მწარმოებელ კომპანიას არ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია და მოკვლევის პირველადი შედეგები ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ.
აქვე ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Boeing 737 MAX ტიპის საჰაერო ხომალდი არ ირიცხება. დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავზე მომხდარი ავიაკატასტროფის გამო (რეისი ET302), უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, საჰაერო ხომალდის ოპერატორ ავიაკომპანიას და შესაბამის საავიაციო ხელისუფლებას“,- ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 13 მარტიდან / ALL BOING 737-8 MAX AND 737-9 MAX AEROPLANES OPERATIONS ARE PROHIBITED IN GEORGIAN FIR. EFFECTIVE FROM MARCH 13, 2019

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები