ირაკლი ხმალაძე: მეეჭვება ოდიშარიას ნაკვეთი 11 მილიონი ღირდეს, არ არის ასეთი დიდი ფართობი

ნებისმიერ სიტუაციაში, განაშენიანებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერია გადაწყვეტილებას იღებს ქალაქის და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს თაბორის #1-ში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც პარლამენტარ ბექა ოდიშარიას ეკუთვნის.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცეების შენარჩუნებისთვის მერია ყველაფერს გააკეთებს.
„სიმართლე გითხრათ, რა მიწას მიიღებს ბექა ოდიშარია ჯერ არ ვიცი. ნებისმიერ სიტუაციაში, განაშენიანებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერია გადაწყვეტილებას იღებს ქალაქის და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. რაზეც დედაქალაქის მერმა გააკეთა აქცენტი არის ის, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის ის პირი, პოლიტიკური სუბიექტია, თანაგუნდელი თუ მეგობარი, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან. არაერთხელ დავამტკიცეთ ის, რომ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცეების შენარჩუნებისთვის მერია ყველაფერს გააკეთებს. ერთ-ერთი მორიგი ობიექტი, რომელსაც მოუწევს მონაცვლეობა და არა განაშენიანება, იქნება ბექა ოდიშარიას მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოგვიწევს მსჯელობა. პირველ რიგში, შევეცდებით მიწით მოვახდინოთ მონაცვლეობა და დიდი იმედი მაქვს, გამოინახება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აქტივები, რომ შევძლოთ ამის მონაცვლეობა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოდიშარიას აღნიშნულ მიწის ნაკვეთში 11 მილიონი დოლარი შეიძლება შესთავაზონ, ხმალაძე ეჭვობს, რომ აღნიშნული მიწა ეს თანხა ღირდეს.
„მეეჭვება ეს თანხა ღირდეს, არ არის ასეთი დიდი მიწის ნაკვეთი. ეს შეუძლებელია. 3000 კვადრატული მეტრიც არ არის. ბიზნესგეგმის მიუხედავად, არა მგონია, თბილისში გვქონდეს ისეთი მიწის ნაკვეთები, რომელიც 11 მილიონ დოლარად შეიძლება შეფასდეს, მეეჭვება. ამ მიწაზე არაფერი არ არის განთავსებული და ცარიელი მიწა ამ ღირებულებას არ ექვემდებარება, ამის ნახევარიც არ იქნება“, – განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე სასტუმროს პროექტის განხორციელებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ თბილისის მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“რამდენიმე თვის წინ საზოგადოების განხილვის საგნად იქცა დედაქალაქის ტერიტორიაზე ლანდშაფტური მდგომარეობის შენარჩუნებისა და თაბორის N1, ყოფილი ბერძნის ქ. N39, განაშენიანების საკითხი, სადაც სასტუმროს პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის საქართველოს პარლამენტის წევრს, ბექა ოდიშარიას.
ბექა არის ჩემი მეგობარი, მე აქ დასამალი არაფერი მაქვს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მეგობრობა და ის, რომ ერთი გუნდის წევრები ვართ, თუმცა პირველ ადგილზე ჩვენ ყველა ვაყენებთ ქალაქის ინტერესებს და გამოვდივართ დედაქალაქის ინტერესებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემულია არქიტექტურული გეგმარებითი დავალება; რამდენიმე ნაკვეთზე იმ ზონებით, რომელიც დღეს ადევს, შესაძლებელია მშენებლობა და პროექტის განხორციელება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან,” – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები