რატომ გახდა დნმ-ებით ბრძოლა საჭირო სამეფო ოჯახის დავაში – ადვოკატის განმარტება
“ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკს გენეალოგია წესრიგში არ აქვს. დნმ-ებით ბრძოლა ნაკლოვანი გენეალოგიის გამო გახდა საჭირო”, – ამის შესახებ სამეფო ოჯახის წარმომადგენლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გაამრთულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ადვოკატის მტკიცებით, ნუგზარ ბაგრატიონი სინამდვილეში ბაგრატიონი არ არის. ჩხეიძემ განმარტება გააკეთა, თავის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ნუგზარ ბაგრატიონის ნამდვილი გვარი სიხარულიძეა.
„საიდან გაჩნდა გვარი სიხარულიძე? ეს ჩემი მოგონილი არაა. არც გუშინ, არც გუშინწინ არ გაჩენილა ეს მოსაზრება. აღნიშნული მოსაზრება რამდენიმე წელია მუსირებს Forum.ge-ზე, სოციალურ ქსელში, სურათებიც არის დადებული ყველა ამ პიროვნების, ისტორიაც არის დადებული, ვინც ამ უბანში ცხოვრობს და გადმოცემით იცოდა ეს ამბავი. ეს ყველაფერი გავრცელდა სოციალური ქსელის მეშვეობით. წლებია არავინ გამოსულა და არავის შედავებია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, არც უარყოფა გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნიეთ, რადგან მსგავსი ვარაუდი იქნა საჯარო სივრცეში გამოთქმული და არ უარყოფილა, მსგავსი ვარაუდის არსებობის საფუძველი არსებობს. როცა დოკუმენტების კვლევა დავიწყეთ, დოკუმენტებმა გაგვიმძფრა ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არაბაგრატიონებთან. მოწინააღმდეგე მხარემ გუშინვე წარმოადგინა დაბადების ჩანაწერის წიგნი ბატონი პეტრე პეტრეს ძე გრუზინსკისა. თქვენი ყურადღება მინდა, მივაქციო შემდეგ გარემოებას – ბატონი პეტრე გრუზინსკი დაბადებულა 1920 წლის 28 მარტს. სააქტო ჩანაწერი გაკეთებულია ორ-ნახევარი წლის დაგვიანებით 27 ივნისს, 1922 წელს. ამ დროისთვის მამა, პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკი იყო 4 თვის გარდაცვლილი. ანუ, ეს რას ნიშნავს, თავის სიცოცხლეში პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის არ დაურეგისტრირებია დაბადების აქტი და ის არ აღიარებდა შვილად პეტრე პეტრეს ძე გრუზინსკის. კიდევ რამ აღძრა ეჭვი – ბატონი პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკი, როგორც ეტყობა, იყო მოწესრიგებული პიროვნება, მან თავისი ქორწინება 1915 წელს დაარეგისტირა შესაბამისი წესით. 1916 წელს, როცა უფროსი ვაჟი კონსტანტინე შეეძინა, სიცოცხლეშივე დაარეგისტრირა და უცბად, 1920 წელს შეეძინა ვაჟი, რომელსაც დაარქვა საკუთარი სახელი და არ დაარეგისტრირა. ეს არის თუ არა ეჭვის საფუძველი? გარდა ამისა, რეგისტრაციის დოკუმენტს, რომელიც აჩვენებს, რომ ასეთი პიროვნება დაიბადა, უფლებამოსილი პირი არ ადასტურებს, გრაფები ცარიელია“, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.
მისივე თქმით, დნმ-კვლევა არის დამატებითი საშუალება იმისთვის, რომ მსგავსი დეფექტი შეივსოს.
„რაც შეეხება დნმ-ის კვლევას, ჩვენთვის ცნობილია, რომ 15 წლის წინ საპატრიარქომ საიდუმლოდ ჩაატარა ბაგრატიონთა დინასტიის სხვადასხვა წარმომადგენლის დნმ-კვლევა. გაირკვა, რომ ბატონ ნუგზარს არ აღმოაჩნდა, ბაგრატიონების ჰაპლოჯგუფი. კერძოდ, ბაგრატიონებს აქვთ Q3A1A1 ეს არის ციმბირული დნმ ჯგუფი. გუშინ ბატონმა გიორგი ანდრიაძემ, როგორც ვიცი, ჯერ განაცხადა, რომ აღნიშნული დნმ-კვლევა არ ჩატარებულა, შემდეგ განაცხადა, რომ აღნიშნული დნმ-კვლევა ჩატარდა და ბატონ ნუგზარს აღმოაჩნდა ქართული დნმ ჯგუფი. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბატონ ნუგზარს აღმოაჩნდა ქართული დნმ-ჯგუფი, ქართული დნმ-ჯგუფი არის J1 და J2, და არა Q3A1A1.
ბატონმა ანდრიაძემ ირიბად გასცა ბატონი ნუგზარის საიდუმლო, როცა თქვა, რომ მას აქვს ქართული ჰაპლოჯგუფი. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბატონი ნუგზარი არ არის ბაგრატიონი.
მოწინააღმდეგე მხარე აპელირებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, თითქოს ამის დასადასტურებლად საჭიროა სვეტიცხოვლის გაჭრა იქიდან მიცვალებულების ამოთხრა, რაც არის აბსოლუტური სპეკულაცია.
რატომ გახდა დნმ-ებით ომი საჭირო? დნმ-ებით ბრძოლა საჭირო გახდა აღნიშნული ნაკლოვანი გენეალოგიის გამო. იმიტომ, რომ ადამიანს არ აქვს გენეალოგია წესრიგში. დნმ-კვლევა არის დამატებითი საშუალება, შეავსო მსგავსი დეფექტი.
ჩემი მარწმუნებლის წარმომავლობაში ეჭვი არავის შეუტანია, თვით მოსარჩელე მხარესაც კი. ისინი ადასტურებენ ამ ფაქტს და სადავოდ არ ხდიან, რომ იგი ნამდვილად ბაგრატიონია. დნმ-კვლევა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს არ ჩაუტარებია, მაგრამ აღნიშნული პრობლემას არ წარმოადგენს, თუ საჭირო გახდება“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, საპატრიარქო კატეგორიულად უარყოფს ბაგრატიონებისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას.
„საპატრიარქოს არასოდეს ჩაუტარებია ბაგრატიონის მიმართ დნმ-ის ანალიზი. ჩვენ ამ კუთხით არასოდეს შეხება არ გვქონია არავისთან. ეს არ არის საპატრიარქოს მიმართულება. მსგავსი მოთხოვნა ჩვენგან არასოდეს ყოფილა და არასდროს ჩატარებულა ანალიზი. არც არასოდეს ყოფილა დღის წესრიგში ეს საკითხი“, – განუცხადა „კვირას“ პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ.
სამეფო ოჯახის წარმომადგენლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის, ლევან გორელაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა, ნუგზარ ბაგრატიონი სინამდვილეში სიხარულიძეა და არა ბაგრატიონი.
„განცხადება, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სიხარულიძეა, არათუ საფუძველსაა მოკლებული, არამედ მარაზმში გადადის და ამაზე საუბარი სასაცილოა. რეალურად, დნმ-ანალიზზე საუბარი ამ ეტაპზე უნდა დასრულდეს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილია, რომ ამ მეთოდით პირთა შორის კავშირის დადგენა არ ხდება. იმისთვის, რომ პირთა შორის ნათესაური კავშირი დადგინდეს, საჭიროა სვეტიცხოვლიდან მოხდეს ეგსჰუმაცია პეტრე პეტრეს ძე გრუზინსკის და პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის. ამ ჭორებისა და სულელური არგუმენტაციის გამოსარიცხად, რომ ვიღაცა სიხარულიძე ყოფილა, ბუნებრივია, ამხელა რაღაცაზე ჩვენ არ წავალთ და ცხედრების ეგსჰუმაციაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღება“, – განაცხადა ადვოკატმა.
თბილისი საქალაქო სასამართლოში სამეფო ოჯახის დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმეზე პროცესი გუშინ გაიმართა. როგორც ცნობილია, ანა ბაგრატიონი-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს თაღლითობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე სამეფო ოჯახის სახელს ბოროტად იყენებს და ჯილდოებს ბაგრატიონების სახელით უკანონოდ არიგებს.
სამეფო დავის შესახებ სასამართლოში არსებულ საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს.
თამუნა შეყილაძე