კახა კალაძე: გუშინ ვიყავი მეტრო „ავლაბარში“, სამუშაოების ამ ფორმით წარმოება, კატეგორიულად მიუღებელია

გუშინ ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერე. გულწრფელად გეტყვით, რომ ამ ფორმით, ამ დიზაინით სამუშაოების წარმოება, პირადად ჩემთვის, კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ თბილისის მთავრობის წევრებს მოუწოდა, პროექტი მაღალ დონეზე იყოს გაკეთებული.
“მთავრობის ყველა სხდომაზე მიწევს საუბარი, რომ აუცილებელია ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება. თუმცა, ამას გარდა, აუცილებელია, ასევე, მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაცია. არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება იმას, რაც ჩვენ გვინდა. გუშინ ვიყავი მეტრო „ავლაბარში“, სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერე. არ ვიცი… გულწრფელად გეტყვით, ამ ფორმით, ამ დიზაინით, სამუშაოების წარმოება, პირადად ჩემთვის და ვინც ნახავს ამას, კატეგორიულად მიუღებელია. არ ვსაუბრობთ კოსმეტიკურ შეკეთებაზე, რასაც გავაკეთებთ, ათეულობით წელს უნდა გაუძლოს. შესაბამისად, არსებული პროექტები, რომელიც არის, ყველა გადასახედია. ჩემი თხოვნა იქნება, სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად გაიაროთ ეს თემა და მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს გაკეთებული პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები