ბიზნესასოციაცია: ჩვენი ამოცანა ჩვენი წევრი კომპანიის, „თი-ბი-სი ბანკის“ ინტერესების დაცვა იყო
საქართველოს ბიზნესასოციაცია „თი-ბი-სი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ იანვრის დასაწყისში, როგორც კი მათთვის ცნობილი გახდა „თი-ბი-სი ბანკისა“ და მისი დამფუძნებლების გარშემო არსებული ვითარების შესახებ, საქართველოს ბიზნესასოციაციამ გამართა შეხვედრა, სადაც “თი-ბი-სი ბანკის” დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიიწვიეს.
„ამ შეხვედრამდე ჩვენთვის არ იყო ცნობილი „თი-ბი-სი ბანკში“ თვეების განმავლობაში მიმდინარე შემოწმებებისა თუ სხვათა თაობაზე და ბუნებრივია, ასოციაციის წევრებს გაუჩნდათ სურვილი, მოესმინათ ჩვენი წევრი ორგანიზაციის ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ. აღნიშნული შეხვედრის დამთავრებისთანავე ჩვენ დავამყარეთ კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, რომელიც მეორე დღესვე შეგვხვდა. გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, დაგვეცვა ჩვენი წევრი კომპანიის, „თი-ბი-სი ბანკის“ ინტერესები.
პრემიერმა აღნიშნა, რომ „თი-ბი-სი ბანკი“ არის სისტემური ბანკი, რომ მას ძალიან კარგად ესმის „თი-ბი-სი ბანკის“ როლი და ადგილი საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობის საქმეში და მოგვცა გარანტია, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული ბანკის რეპუტაცია. უფრო მეტიც, მომდევნო დღეებში იწყებოდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში და პრემიერმა აღნიშნა, რომ იქაც აპირებდა, გაეკეთებინა შესაბამისი განცხადება „თი-ბი-სი ბანკის“ შესახებ. ამის შემდგომ, ასოციაციამ „თი-ბი-სი ბანკთან” დაკავშირებით საჯარო სივრცეში გააკეთა ორი განცხადება. ორივე განცხადებაში ჩვენ მკაფიოდ დავიცავით „თი-ბი-სი ბანკის“ ინტერესები.
ობიექტურობის დაცვის მიზნით, უნდა ითქვას, რომ „თი-ბი-სი ბანკთან”, როგორც საბანკო ინსტიტუტთან დაკავშირებით მოვლენები ისე განვითარდა, როგორიც იყო დაპირება პრემიერ-მინისტრის მხრიდან.
ამას გარდა, „თი-ბი-სი ბანკმა” რამდენიმე დღის წინ მოგვიწოდა ყველას, თავი შევიკავოთ „ბანკთან დაკავშირებით განცხადებების მტკიცებით ფორმაში გაკეთებისგან. ეს არის აბსოლუტურად პროფესიული და პრაგმატული მიდგომა ბანკის მხრიდან. ასევე, ობიექტურობის დაცვის მიზნით, გვინდა, განვაცხადოთ, რომ თუ მართლაც გული შეგვტკივა ბანკზე, ყველაზე სწორია, ამ დღეებში თავი შევიკავოთ და არ ვახსენოთ „თი-ბი-სი ბანკი“ სხვადასხვა მოვლენების კონტექსტში.
აქვე ვაცხადებთ, რომ „თი-ბი-სი ბანკი“ არის ჩვენი ქვეყნის საფინანსო ბაზრის ლიდერი, ძალიან წარმატებული და პროფესიული საბანკო დაწესებულება. ბანკი სარგებლობს მაღალი რეპუტაციითა და მისდამი ნდობის მაღალი ხარისხით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „თი-ბი-სი ბანკი“ კიდევ უფრო წარმატებული იქნება მომავალში. აქვე აღვნიშნავთ, რომ საჭიროების გაჩენის შემთხვევაში, ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, დავიცვათ „თი-ბი-სი ბანკის“, როგორც ჩვენი ასოციაციის წევრის ობიექტური და სამართლიანი ინტერესები.
საქართველოს ბიზნესასოციაცია ფუნქციონირებს 2009 წლიდან; ასოციაცია არის ინსტიტუცია და მოქმედებს საკუთარი წესდებისა და მასზე მინიჭებული მანდატის ფარგლებში, რაც გულისხმობს ასოციაციაში გაერთიანებული ორგანიზაციების ობიექტური და სამართლიანი ინტერესების დაცვას“, – აღნიშნულია საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებაში.