დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ბაგრატიონ-გრუზინსკებს “უპერსპექტივო” სასამართლო დავის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებს მოუწოდებს, უპერსპექტივო, უშინაარსო, უაზრო და ორივე მხარისთვის დამაზიანებლი დავა შეწყვიტონ, – ამის შესახებ სამეფო ოჯახის წარმომადგენლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გაამრთულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ადვოკატის თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი იძულებულია აღნიშნულ დავაში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჩაერთოს.
„ჩვენი მხარე ძალიან დიდი სინანულით აღნიშნავს, რომ არანაირი სურვილი არ გვაქვს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის.
საპროცესო კანონმდებლობა გვავალდებულებს, რომ ვიყოთ პროცესში ჩართულები. თუ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ პროცესში, სასამართლო მიიღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და სრულად დააკმაყოფილებს მოსარჩელის სარჩელს. რომ არ მოხდეს მსგავსი ინციდენტი, ჩვენი მხარე იძულებულია, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ მივიღოთ ამ დავაში მონაწილეობა და დავიცვათ ჩვენი პოზიციები. ჩემი მარწმუნებელი კვლავ მოუწოდებს მოწინააღმდეგე მხარეს, შეწყვიტოს აღნიშნული უპერსპექტივო, უშინაარსო, უაზრო და რაც მთავარია, დამაზიანეებლი დავა ორივე მხარისთვის. გადახედეთ სოციალურ ქსელს, საზოგადოებას აქვს უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნული პროცესისადმი. უკეთეს შემთხვევაში ეს დამოკიდებულება გამოიხატება ცინიზმში, ირონიაში. უარეს შემთხვევაში კი გამოიხატება უხამსობასა და ლანძღვა-გინებაში. ეს დავა არ არის არანაირი იურიდიული შედეგის მომტანი მოწინააღმდეგე მხარისთვის. გამორიცხულია ამ დავის მოგება იმ კანონმდებლობით, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. ეს დავა აზარალებს როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხე მხარის პატივს, იმ რეპუტაციას, ღირსებას, რომელიც, ზოგადად, ამ გვარმა ქვეყნის წინაშე დამსახურებით მოიპოვა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მოეგონ გონს და შეწყვიტონ აღნიშნული უპერსპექტივო დავა”, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის დავის განხილვა სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობს.
როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებს, საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარებული დნმ-კვლევის თანახმად, ნუგზარ ბაგრატიონი სიხარულიძეა.
ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ- გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ- მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა.
თუმცა დავითისა და ანას ოჯახურმა თანაცხოვრებამ დიდხანს არ გასტანა და 2013 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
თამუნა შეყილაძე