ვახტანგ ჭარაია: “გაზპრომთან” ახალი კონტრაქტის თანახმად, ტრანზიტის საფასურის გაზრდა პოზიტიურია

თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის, ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, “გაზპრომთან” ახალი კონტრაქტის შედეგად, საქართველომ უპირატესობები მოიპოვა.
მისივე თქმით, პოზიტიური ფაქტორია ისიც, რომ ბიზნეს-სექტორში გარკვეული კონკურენცია გაჩნდება, რადგან, როგორც მან აღნიშნა, აზერბაიჯანიდან მოწოდებულ გაზს ალტერნატივის სახით რუსეთიდან მოწოდებული გაზიც გაუჩნდება.
“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში მეგობრული ურთიერთობებით არ გამოირჩევა, ახალი კონტრაქტის თანახმად, ჩვენ გარკვეული უპირატესობები მოვიპოვეთ. ეს კი ნავთობის მსოფლიო ფასებს უკავშირდება, რაც გაზის კონტრაქტებზეც აისახება. მივიღეთ ის, რომ არა “გაზპრომის” კეთილგანწყობის შედეგად, არამედ მსოფლიოში მოცემული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენმა ქვეყანამ უკეთეს კონტრაქტს მიაღწია.
მეორე ნაწილს რაც შეეხება, ტრანზიტის საფასურის გაზრდას, ეს პოზიტიურ ტრენდად შეიძლება შევაფასოთ. ქვეყნისთვის შემოსავალია და არა ხარჯი. პოზიტიური ფაქტორია ისიც, რომ ბიზნეს-სექტორში შესაძლოა გარკვეული კონკურენცია გაჩნდეს იმ მხრივ, რომ აზერბაიჯანიდან მოწოდებულ გაზს შეიძლება ალტერნატივის სახით რუსეთიდან მოწოდებული გაზი გაუჩნდეს. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება დივერსიფიცირება, ჩვენ რუსეთზე დამოკიდებულები ვერ გავხდებით, მაგრამ როდესაც აზერბაიჯანი ერთადერთი მომწოდებელია, ესეც არაა იდეალური ვარიანტი. თუ მას კონკურენტს გაუჩენ “მცირე პორციით” აზერბაიჯანული მხარე გააცნობიერებს, რომ შემდგომში მარტივად ტარიფები არ გაზარდოს. შედარებით შემცირებული ფასი გაზზე, გარკვეულწილად პოზიტიურად აისახება კონკურენციაზეც”,-აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.
შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკების დასრულების შედეგად, საქართველოსთვის კომერციული პირობები გაუმჯობესდა. კონკრეტულად კი, რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის ფასი გაიზარდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კერძო წარმომადგენელი დაინტერესდება რუსული გაზით, მათთვის ფასი შემცირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები