ილუზიების მუზეუმს პირველად მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ

ილუზიების მუზეუმს პირველად მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა არასტანდარტული, ინტერაქტიული და ილუზიებით სავსე სივრცე თავად გამოსცადეს.
„ილუზიების მუზეუმში ისინი საინტერესო ვიზუალურ და საგანმანათლებლო გამოცდილებას გაეცნენ. სივრცე აერთიანებს პერსპექტივის, ოპტიკური თუ სხვა ტიპის ილუზიურ და ფაზლების ოთახებს, სადაც მათ დიდაქტიკურ თამაშებში ჩაბმაც შეეძლოთ. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, მუზეუმში პირველმა ვიზიტორებმა იცინეს, იკივლეს, გადაიღეს უამრავი ფოტო და გააკეთეს ის, რაც სხვა მუზეუმებში აკრძალულია. მუზეუმი თბილისში, ბეთლემის #10-ში ოფიციალურად უკვე გაიხსნა და დამთვალიერებელს ილუზიების კანონებზე დაფუძნებულ 80-მდე ექსპონატს სთავაზობს“,- განაცხადა ილუზიების მუზეუმის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნატალი ანანიაშვილმა.
მისი თქმით, მუზეუმის კონცეფცია რადიკალურად განსხვავებულია სიტყვა „მუზეუმის“ კლასიკური გაგებისგან და ეს არის ახალი ტიპის, უნიკალური სივრცე, რომელიც გათვლილია სახალისო შემეცნებაზე.
„დღეს, „ილუზიების მუზეუმი“ უკვე მრავალ ქალაქშია, თბილისში გახსნილი მუზეუმი კი მასშტაბით, ყველაზე დიდი იქნება. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ჩვენს მუზეუმში წარმოდგენილი მიმზიდველი და სახალისო ინსტალაციების საშუალებით მიიღონ ინფორმაცია ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ. მუზეუმს აქვს ასევე სათამაშო ოთახი და სუვენირების მაღაზია, სადაც ყველა ასაკის დამთვალიერებელს საშუალება აქვს ითამაშოს, შეეჯიბროს, ისწავლოს ახალი და შეიძინოს მუზეუმის ორიგინალური საჩუქრები, რომლის ძირითად პროდუქციას წარმოადგენენ სახალისო, მემო და მოტორიკის გასავითარებელი ხის სათამაშოები (დიდაქტიკური სათამაშოები და ფაზლები), რომელიც ავითარებს და ასტიმულირებს შემოქმედებით აზროვნებას“,- აცხადებს ნატალი ანანიაშვილი.
მისივე თქმით, მუზეუმი განკუთვნილია ყველა თაობის წარმომადგენლისთვის. ამასთან, მუზეუმი ვიზიტორებს სთავაზობს დაბადების დღის გადახდასაც 5-15 წლის ბავშვებისთვის, სადაც პროგრამა მოიცავს მუზეუმის დათვალიერებას, დიდაქტიკურ თამაშებს, ფაზლებს და ა.შ.
„აქვე შესაძლებელი იქნება კორპორატიული ივენთების, შეხვედრების, პრეზენტაციების ორგანიზებაც. აღსანიშნავია, რომ ილუზიების მუზეუმი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად მზარდ საგანმანათლებლო და გასართობ ადგილად იქცა. ის უკვე თბილისის ჩათვლით, 15 ქალაქშია წარმოდგენილი. სამომავლოდ კი, დამატებით 7 ფილიალის გახსნა იგეგმება“,- აღნიშნა ანანიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მუზეუმი ვიზიტორების მიღებას ყოველდღე, 10-დან 22:00 საათამდე შეძლებს.
„თბილისის ილუზიების მუზეუმი, წარმოადგენს გლობალური პროექტის ნაწილს ქართულ ბაზარზე. თავად მუზეუმის კონცეფცია უცვლელია ნებისმიერი ქვეყნისთვის. მასში ერთნაირადაა წარმოდგენილი ექსპონატები ყველა ქვეყანაში. განსხვავება მხოლოდ მუზეუმის ფორმატის სიდიდეშია. შედარებით მცირე მოცულობის მუზეუმებში, ფიზიკურად არ არის ადგილი ყველა ოთახისა თუ ატრაქციისთვის. მუზეუმის ფორმატია 250 -400 მ2. თბილისის მუზეუმი დამთვალიერებელს, მისი დიდი სივრციდან გამომდინარე, სრულად შესთავაზებს წარმოდგენილი ექსპონატების კოლექციას“,-აცხადებს ნატალი ანანიაშვილი.
რატომ გადაწყდა თბილისში მსგავსი მუზეუმის გახსნა – იდეის ავტორების განცხადებით, ამის მიზეზი გახდა თანამედროვე ქართულ რეალობაში ისეთი ადგილების სიმცირე, სადაც ადამიანები უქმე დღეების სასიამოვნოდ და განსხვავებულად გატარებას შეძლებენ. როგორც ილუზიების მუზეუმის გაყიდვების მენეჯერი გიორგი ზაზაშვილი ამბობს, პროექტი ხორვატიულია, რომელიც სარკე ჯგუფმა შეიძინა და განახორციელა. ინვესტიცია ქართულია.
“პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინეთ ის ფაქტორი, რომ ქვეყანაში, სტატისტიკის მიხედვით, წელს 8 მლნ ტურისტს ველოდებით და იმედია, კლების ტენდენცია არ იქნება. ეკონომიკაში ჩვენ წვლილს რა თქმა უნდა შევიტანთ, რადგან სხვა ყველა ქალაქში ილუზიების მუზეუმი წარმატებით ფუნქციონირებს და ვიზიტორების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, თანაც ლოკაცია შევარჩიეთ ისეთი, სადაც ბევრი ტურისტი იყრის თავს. ეს არის ბეთლემის N10, ძველ თბილისში. ინვესტიცია ამ დროისთვის სრულიად ქართულია, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ მათი მხრიდან დაინტერესება იქნება და საქართველოში მსგავსი სივრცეები მოეწყობა”, – განაცხადა ზაზაშვილმა.
ცნობისთვის, ილუსტრაციების პირველი მუზეუმი ზაგრებში, ხორვატიაში 2015 წელს გაიხსნა, რასაც წინ უძღვოდა ორწლიანი მომზადების პროცესი, ბაზრის კვლევა, ექსპონატების შექმნა. აღმოჩნდა, რომ ილუზიების მუზეუმი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია. მოიცავს 80-ზე მეტ უნიკალურ ვიზუალურ და საგანმანათლებლო ინსტალაციას, რომლებიც მორგებულია ნებისმიერი ასაკის ადგილობრივ და ტურიტების სეგმენტებზე. დღეს, „ილუზიების მუზეუმი“ უკვე მრავალ ქალაქში, მათ შორის, ზადარში, ლუბლიანაში, ვენაში, მუსკატში, ბელგრადში, კუალაში, ლუმპურში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, ბერლინში, ათენში, დუბაში, ჰამბურგსა და კანზასში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები