საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილეზე სხვადასხვა მოწვევის ქალი პარლამენტარები გამოვიდნენ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილეზე სხვადასხვა მოწვევის ქალი პარლამენტის წევრები გამოვიდნენ, რომლებმაც 100 წლის წინ შექმნილ პირველი დამფუძნებელი კრების-პარლამენტის საქმიანობაზე ქალ პარლამენტართა მოღვაწეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
“საუკუნის მანძილზე ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ისტორია მიმოვიხილეთ და ასევე ვისაუბრებთ იმ უნიკალურ ტრადიციაზე, რომელიც ქართული პარლამენტარიზმის ქალთა მონაწილეობას ეფუძნება. ბუნებრივია რჩება გამოწვევები, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ქალი პოლიტიკოსების მონაწილეობა და წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ ეს მიზნები ეტაპობრივად მიღწეული იქნება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრის, ელისო ჩაფიძის თქმით, ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია, რადგან 1919 წელს პარლამენტში ბევრი ქალბატონი იყო წარმოდგენილი.
“ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა გააცნობიერო, ის რომ საქართველოში პარლამენტარიზმის ისტორია უკვე 100 წელს ითვლის. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს ღონისძიება იმიტომ, რომ 1919 წელს საქართველოს პარლამენტში მრავლად იყო წარმოდგენილი ქართველი ქალბატონები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მისი კეთილდღეობისათვის იბრძოდნენ“, – აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.
მირზაანში, ქალ პარლამენტართა შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი 1995-2003 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, დალი აბაშიძე გახლდათ.
„გამორჩეულია საქართველო იმ კუთხითაც, რომ როდესაც მსოფლიოში არანაირი უფლებები არ ქონდათ ქალებს, ჩვენ 5 პარლამენტარი გვყავდა და როდესაც ქალი არის პოლიტიკაში იქ სრულიად განსხვავებული გარემო იქმნება, იმიტომ რომ ქალი არის დედა, ოჯახის დიასახლისი და პოლიტიკას კარგი დიასახლისი სჭირდება. ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ ქალმა დაიმკვიდროს თავისი ადგილი საზოგადოებაში, პოლიტიკაში და ეს სრულიად წინ წასწევს საქართველოს და ბევრ სასიკეთო საქმეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა დალი აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები