სოზარ სუბარი: მამუკა ხაზარაძეს სურს, რაც შეიძლება შორს წაგვიყვანოს მთავარი თემიდან და შემდეგ აქეთ გვამუნათოს

„თი-ბი-სის“ საქმესთან დაკავშირებით მუდმივად მიდის გადაფარვის მცდელობები, რომ არავინ ილაპარაკოს საქმეზე და ვილაპარაკოთ რაღაც შემოგდებულ თემებზე“, – განაცხადა „ტვ პირველის“ „დღის ამბებში“ სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში თავად მამუკა ხაზარაძეც ამბობს, რომ გადაფარვის მცდელობა მიდის. „რასაც მე ვამბობ, იმას ამბობს, ანუ თვითონ აგდებს რაღაც თემებს, რომლითაც რაც შეიძლება შორს უნდა წაგვიყვანოს მთავარი თემიდან და შემდეგ აქეთ გვამუნათებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ტვ „პირველის“ ეთერში მთავარი თემა სწორედ წერილი იყო, შემდეგ რატომღაც აღმოჩნდა, რომ მამუკა ხაზარაძისთვის მანამდე, უფრო ადრეც, მისმა ადვოკატმა კორძაძემ თქვა, რომ ეს არ იყო მისთვის მომგებიანი თემა.
„რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა განათლების სისტემის ახლებური ხედვა, რომელსაც კანონის ძალა ექნება. იმავე დღეს, როდესაც ეს დაანონსდა, თქვენთან მოსულ არც ერთ სტუმარს ჩვენი გუნდიდან არ მიეცით საშუალება ერთი სიტყვა მაინც ეთქვათ…. ალაპარაკებდით მხოლოდ ამ წერილზე და ახლა თქვენ მეუბნებით, რომ უმრავლესობის წევრები მხოლოდ წერილზე ლაპარაკობდნენ და არ ლაპარაკობდნენ საქმეზე“, – აცხადებს სოზარ სუბარი.
სოზარ სუბარი უმცირესობის დეპუტატ რომან გოცირიძესაც პასუხობს და ამბობს, რომ ერთი მხრივ ალოგიკურია, საგამოძიებო კომისიის შექმნა გინდოდეს, და მეორე მხრივ, ამბობდე, რომ კითხვები არ დაისვას.
„თუ საგამოძიებო კომისია იქნება, ე.ი. კითხვებიც უნდა დაისვას და ეს კითხვები იქნება ხშირად ძალიან მძაფრი. არის ეჭვები, არის მათ შორის კითხვები, რომლებსაც ეთანხმებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ეს არის ის, რის გამოც მათ დააკისრა ეროვნულმა ბანკმა ჯარიმა და ისინი კვალიფიკაციებში დაობენ ძირითადად. ისინი ამბობენ, ჩვენ კანონი დავარღვიეთ, არასწორად მოვიქეცით, მაგრამ ეს არ არის ფულის გათეთრება. გათეთრება-არგათეთრება – ეს არ არის ეროვნული ბანკის თემა, ეს არის საგამოძიებო ორგანოს თემა და ისინი დაადგენენ, იყო გათეთრება, თუ არ იყო, რამე უფრო სერიოზული იყო თუ საერთოდ არაფერი არ იყო. აქ რომ რამე პოლიტიკური და შურისძიების შემადგენელი ყოფილიყო, ყველაფერი მოხდებოდა ისე, როგორც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როცა ერთ დღეში ხდებოდა საქმის აღძვრა, თუ გამოძიების დაწყება, როგორც ჰქვია დღეს ამ პროცესს, ბრალის წარდგენაც, ბრალდებულის დაკავებაც და რამდენიმე დღეში სასამართლო განაჩენსაც ააფარებდნენ სახეზე“. – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ხაზარაძეს ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი.
„დანაშაული დაინახა პროკურატურამ, მაგრამ კონკრეტული ბრალი ჯერ არავის არ აქვს წარდგენილი, იმიტომ რომ ამას თავისი პროცესი და მტკიცებულებები აქვს. შესაბამისად, ვის წარედგინება ბრალი და რა იქნება ის ბრალი, ამას დრო და მოვლენები აჩვენებს. მე საქმის ძიების მასალებში ნამდვილად არ ვარ ჩახედული, იმ საჯარო ინფორმაციის გარდა, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით აქვს ყველა ჩვენგანს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები