ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისათვის სასჯელი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, სულხან მახათაძის, ნინო წილოსანისა და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ცხოველებისადმი სასტიკი/არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომების გამკაცრება. ასევე, პროექტით განისაზღვრა და დაზუსტდა ადმინისტრაციულ გადაცდომათა ჩამონათვალი.
პროექტის თანხმად, ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში -გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.
შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, ცხოველის მოკვდინების შემთხვევა ჩაითვლება საქართველოს სისხლის სამართლის 259-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებად და აღნიშნული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 104-ე მუხლით გათვალისწინებული აღარ იქნება.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის თანახმად: ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, – ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე; იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. კომიტეტმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები