ვინ იცავს საქართველოში საავტორო უფლებებს – ინტერვიუ გიგა კობალაძესთან

თანამედროვე სამყაროში, როდესაც ინტერნეტსივრცის საშუალებით ინფორმაციის, მუსიკის, ნახატის, ხელოვნების ნიმუშისა თუ ნაწარმოებიდან ამონარიდის მოძიება და გამოყენება  ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა, საავტორო უფლებების დაცვა არც ისე მარტივია. ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია მუშაობს. ეს არის კოლექტიურ საფუძველზე მმართველი სტატუსის მქონე ორგანიზაცია, რომელიც 1999 წელს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნდა.

გიგა კობალაძე პროფესიით იურისტია. საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელად არჩევამდე, დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში  კერძო საადვოკატო პრაქტიკას ეწეოდა, ბოლო 7 წლის განმავლობაში ასოციაციას   და  იმ რეფორმებს ხელმძღვანელობს, რომელიც ამ სფეროში მიმდინარეობს.

– ასოციაცია ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საავტორო და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ მართვას ახორციელებს. ასეთი ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში არსებობს და ისინი საავტორო უფლებებს მართავენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთის მხრივ, წარმოადგენენ ავტორებს და გამომყენებელზე ამ ავტორების სახელით  ნებართვებს გასცემენ, ხოლო მეორეს მხრივ, ამ ლიცენზიის საფუძველზე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დადგენილი ტარიფების შესაბამისად, ჰონორარს აგროვებენ და ამ ჰონორარს ავტორებს უნაწილებენ. ეს მექანიზმი ორ საუკუნეზე მეტს ითვლის და მთელ მსოფლიოში ამ ფორმით მუშაობს.

საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ხელოვნების და ლიტერატურის ნაწარმოებებზე. იგი იყოფა ორ ნაწილად – პირადი და ქონებრივი უფლებები. პირადი უფლებებია სახელის, რეპუტაციის პატივისცემის და ასე შემდეგ უფლებები, რომლებიც დაცულია უვადოდ. ქონებრივი უფლება არის ჰონორარის მიღების უფლება და დადგენილია მისი მოქმედების ვადა. ქონებრივი უფლება მოქმედებს ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში და ამ ვადის გასვლის შემდეგ, ნაწარმოების გამოყენება ნებართვის და ჰონორარის გადახდის გარეშეა შესაძლებელი.

საავტორო უფლება წარმოიშობა ნაწარმოების შექმნის მომენტიდან და არ არის საჭირო რაიმე სახის ფორმალობის დაცვა, მისი სადმე რეგისტრაცია. თუმცა, იმისთვის, რომ ასოციაციამ მართოს ეს უფლებები და შეაგროვოს ჰონორარი, ავტორები ნაწარმოებებს ასოციაციაში არეგისტრირებენ და ხდებიან მისი წევრები. წევრობა უსასყიდლოა.  ასოციაცია ახორციელებს სარგებლობის მონიტორინგს და ავტორების სახელით გასცემს მოსარგებლეებზე ლიცენზიებს.

ასოციაცია ოთხი საერთაშორისო ქოლგა-ორგანიზაციის წევრია, მათ შორის:

  • CISAC – ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია;
  • BIEM – მექანიკურ უფლებათა დაცვის საზოგადოებების წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაცია;
  • IFRRO – რეპროდუცირების უფლების მქონე ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაცია;
  • SCAPR – შემსრულებელთა უფლებების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციების საბჭო.

ეს ორგანიზაციები  წევრი ასოციაციებისათვის საქმიანობის სტანდარტებს ადგენენ და ჩვენ სწორედ ამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ვმუშაობთ. ქოლგა-ორგანიზაციების წევრობა თავისთავად საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მნიშვნელობას და საერთაშორისო დონეზე აღიარებას უსვამს ხაზს.

ამ ორგანიზაციების სათავო ოფისები პარიზსა და ბრიუსელშია განთავსებული. ქოლგა ორგანიზაციები ყოველწლიურად აფასებენ ცალკეული ქვეყნების  მუშაობას და ადგენენ რეიტინგებს. გასცემენ რეკომენდაციებს და ხელს უწყობენ მსოფლიო მასშტაბით საავტორო უფლებების მართვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას.

– ასოციაცია მხოლოდ ქართველი ავტორების უფლებებს მართავს თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტორებსაც საქართველოში?

– ჩვენი ასოციაცია საქართველოს ტერიტორიაზე წარმოადგენს როგორც ადგილობრივ, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქე უფლების მფლობელებს და მათ საავტორო უფლებებს მართავს. ადგილობრივი უფლების მფლობელების წარმოდგენა უშუალოდ, მათი ასოციაციაში გაწევრიანების საფუძველზე ხდება, ხოლო უცხოელი უფლების მფლობელები წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა ქვეყნის კოლექტიური მართვის ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.

ზოგადად, მსოფლიოში ასეთი ტიპის ორგანიზაციები ერთმანეთთანაა დაკავშირებული, გაფორმებულია  ხელშეკრულებები და ყველა წევრ ქვეყანას აღებული აქვს ვალდებულება, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოადგინოს და დაიცვას უფლებები არამარტო მისი ქვეყნის მოქალაქე ავტორებისა, არამედ დანარჩენი მსოფლიოს ავტორების უფლებებიც.

დღეის მდგომარეობით, ჩვენს ასოციაციას 2000-მდე ადგილობრივი, საქართველოს მოქალაქე უფლების მფლობელი ჰყავს ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან და გაფორმებული აქვს 202 ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება, რითაც, საერთო ჯამში,  5 მილიონზე მეტ საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელის რეპერტუარს წარმოადგენს და მართავს საქართველოს ტერიტორიაზე.

– თქვენი ორგანიზაციის მეშვეობით,  ქართველების საავტორო უფლებების მართვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიცაა შესაძლებელი?

– რა თქმა უნდა. ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელზეც უკვე ვისაუბრე, ყველა ორგანიზაცია თავის ქვეყანის ტერიტორიაზეა პასუხისმგებელი და ხსენებული 202 ორგანიზაცია, ვისთანაც ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, ჩვენს წინაშეა ვალდებული, რომ მართოს ქართველთა უფლებები და შეაგროვოს მათი კუთვნილი ჰონორარი. ისევე როგორც, ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ ვმართოთ მათი ავტორების უფლებები და შევუგროვოთ ჰონორარი.

ზოგადად, ამ ორგანიზაციების მიზანი ისაა, რომ  გამომყენებლებსა და ავტორებს შორის კომუნიკაცია გაამარტივოს. ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპი, სადაც ერთ მხარეს არის ავტორი, რომელიც ამ ორგანიზაციას აძლევს უფლებას, კონკრეტული ტარიფით გააკეთოს რეალიზაცია მისი ნაწარმოებების და მეორე მხარეს კი დგას გამომყენებელი, რომელიც ამავე, ერთი ფანჯრის პრინციპით, იღებს ამ ლიცენზიას. ორგანიზაცია კი სრულიად ღიად და გამჭვირვალედ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იღებს და ანაწილებს შესაბამის ჰონორარს. ქართველ ავტორებზე ჰონორარი უშუალოდ მათთან გაფორმებული საწევრო ხელშეკრულების საფუძველზე ნაწილდება, ხოლო უცხოელების ჰონორარი იმ უცხოურ კოლექტიურ ორგანიზაციას ეგზავნება, რომლის წევრსაც კონკრეტული ქვეყნის ავტორი წარმოადგენს.

–  რამდენად გამჭვირვალეა ჰონორარის გადახდის პროცესი?

– ასოციაცია სრულად აკმაყოფილებს გამჭვირვალობისთვის დადგენილ მსოფლიო სტანდარტებს. ყოველწლიურად ჩვენი ორგანიზაცია ამზადებს ანგარიშს – წევრებს ჩვენი გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით. ანგარიში გამოიცემა ბეჭდური სახით და ჩვენს ვებგვერდზეც ქვეყნდება, ასევე “საქპატენტშიც” იგზავნება. მოგეხსენებათ, “საქპატენტი” ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრია და ერთადერთი სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც საავტორო უფლებების პოლიტიკას განსაზღვრავს. შესაბამისად, ჩვენ მათ წინაშე ვართ ანგარიშვალდებულნი. გარდა ამისა, ანგარიში საერთაშორისო ქოლგა-ორგანიზაციებშიც იგზავნება.  ასევე, ყველა წევრს შეუფერხებლად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია მის სახელზე შეგროვებული ჰონორარის შესახებ.

– დღეს რა მდგომარეობაა საავტორო უფლებების დაცვის მხრივ ჩვენს ქვეყანაში?

– მიუხედავად იმისა, რომ ასოციაცია 1999 წელს დაფუძნდა, მისი თავდაპირველი საქმიანობა არცთუ ისე დამაკმაყოფილებელი იყო, რადგან ამ პერიოდში საავტორო უფლებებს ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ამას ადასტურებს ის ჰონორარიც, რომელიც ამ წლებში გროვდებოდა, რაც ყოველწლიურად, დაახლოებით, 250 000 ლარი იყო.

2012 წლიდან ორგანიზაციაში დაიწყო აქტიური რეფორმა, რის შედეგადაც, წლიდან წლამდე იზრდება ორგანიზაცია და მისი შემოსავლებიც. მნიშვნელოვნად გაიზარდა შეგროვებული ჰონორარის ოდენობა. 2018 წელს ასოციაციამ 5 100 000 ლარამდე ჰონორარის შეგროვება შეძლო. ეს, რა თქმა უნდა, როგორც ქართველ, ასევე სხვა ქვეყნის ავტორების უფლებების დაცვას ეხება.  ეს იყო ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგი. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ  უფრო მეტის ამბიცია გვაქვს.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში არსებობს, დაახლოებით, 45 სეგმენტი, ვინც  საავტორო უფლებით დაცულ ნაწარმოებს იყენებს. ეს არის კაფე, რესტორანი, სავაჭრო ცენტრი, თეატრი, კინო, ტელერადიო კომპანია, საკაბელო ტელევიზია, სარეკლამო კომპანია თუ სხვა. ყველა სეგმენტისთვის ტარიფის შედგენის განსხვავებული მეთოდოლოგიაა დადგენილი, თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველა მათგანთან დაანგარიშება საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ხდება.

გარდა იმისა, რომ მოსარგებლე ჰონორარს იხდის, მას აქვს ვალდებულება, გამოყენებული ნაწარმოების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოს. ჩვენ, ინფორმაციის მოწოდების გაადვილების მიზნით, ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემები დავნერგეთ, შევქმენით ონლაინ პლატფორმები, რომლის მეშვეობითაც მოსარგებლეები გვაწვდიან ინფორმაციას. ამ კუთხით, ესპანურ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, რომელიც მსოფლიოს 50 ქვეყანაში ოპერირებს. ამავე კომპანიასთან უკვე სრულდება მოლაპარაკება, რომლის საფუძველზე,  უახლოეს მომავალში კვების დაწესებულებებში სპეციალური მოწყობილობები დაყენდება, რითაც კიდევ უფრო ზუსტად მოხდება შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებების გაკონტროლება.

აქვე მინდა აღვნიშნო ის, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, ასოციაცია განვითარებისა და ჰონორარის შეგროვება-განაწილების  კუთხით რეგიონში ლიდერად ითვლება. ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას და მეტიც, ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საკუთარი შედეგები გავაუმჯობესოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები