საპარლამენტო უმრავლესობა „თიბისი ბანკის“ საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა „თიბისი ბანკის“ საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ „თიბისი ბანკის“ სადავო ტრანზაქციის საკითხს გამოძიება სწავლობს და ამ ეტაპზე ამ უფლებამოსილების პარლამენტისთვის გადაბარება არასერიოზული ნაბიჯია.

„ეს არ არის თანამედროვე, საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტი, როდესაც ერთი ნაგლეჯის გამო დგება საკითხი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. ეს არის საკითხის უკიდურესად პოლიტიზება, რაც უპირველეს ყოვლისა, როგოც ჩანს, შედის მამუკა ხაზარაძის, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ინტერესებში“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.

„ამ ეტაპზე ვერ ვხედავ მიზანშეწონილობას იმისას, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ფარატინა ფურცელზე და მასზე დაბეჭდილ ტექსტზე საგამოძიებო კომისიის შექმნა უბრალოდ არარელევანტურიმგონია“, – განაცხადა კახიანმა.

დეპუტატი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ პროკურატურა ვერ გასცემს ყველა კითხვას პასუხს.

„აქ არის კონკრეტული ფრიად საეჭვო ტრანზაქციის საკითხი, რომელიც ეხება კონკრეტულ პირებს. რაღაც ვადა უნდა მივცეთ პროკურატურას, რომ საქმე დაასრულოს. თუ ვნახავთ, რომ პროკურატურამ თავის ფუნქცია ვერ შეასრულა და ყველა კითხვაზე არ არის პასუხი გაცემული, მე პირადად მხარს დავუჭერდი საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – განაცხადა ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები