პრემიერი: მთლიანი შიდა პროდუქტის 6% განათლებაში დაიხარჯება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება.
“სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ, ყოველწლიურად, ჩვენი ეროვნული დოვლათის 6%, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივის “განათლება – გზა თავისუფლებისკენ” წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი აცხადებს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველაზე გამბედავ დამასშტაბურ იდეას – განათლების ეროვნულ კონცეპციას, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად,ქვეყნის ეროვნული დოვლათის 6%, დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად.
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განათლებისთვის 1 485 000 000 ლარია გამოყოფილი, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არსებული მაჩვენებლის 3,29%–ს შეადგენს.