გოგა ხაინდრავა: ძალიან მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს მარტივ კითხვას, არსებობს თუ არა გიორგი გახარიას წერილი

მამუკა ხაზარაძემ დღეს ძალიან სერიოზული განაცხადი გააკეთა, რამაც სახელმწიფოს პატიოსნება სასწორზე დააყენა, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკა. ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

მისი თქმით, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს მარტივ კითხვას – არსებობს თუ არა წერილი.

„აქ რთული არაფერია. ეს წერილი ან არსებობს, ან არ არსებობს. მე ვთვლი, რომ მამუკა ხაზარაძე ვალდებულია, ეს წერილი საჯაროდ წარადგინოს. თუ საფინანსო ხერხემალი არსებობს, ამ ხერხემლის რაღაც ნაწილი „თიბისი ბანკიც“ არის. ამიტომ, ბუნებრივია, პროკურატურისგანაც უნდა გავიგოთ ძალიან კონკრეტული პასუხები კონკრეტულ კითხვებთან მიმართებით. რაც მთავარია, ასეთი ტიპის განცხადების მერე, როდესაც ხაზარაძე სახელმწიფოს შანტაჟსა და მუქარაში სდებს ბრალს, ამ საქმეს უკვე ლაპარაკი აღარ უშველის და ფაქტი უნდა დაიდოს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

როგორც კინორეჟისორმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში, ორი ვითარებაა – თუ ასეთი წერილი არსებობს, გიორგი გახარია ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და მისი პოლიტიკური კარიერა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ხოლო თუ ასეთი წერილი არ არსებობს, მაშინ მამუკა ხაზარაძის, როგორც სერიოზული ბიზნესმენის, კარიერა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია „თიბისი ბანკისა“ და სხვა მსხვილი ბიზნესების მიმართ კვირიკაშვილისა და მისი გუნდის ლობიზმის შესახებ, გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ძალიან ხშირად, ბევრად უფრო მეტია ლაპარაკი ჩემ მონაწილეობაზე რაღაც პოლიტიკურ პროცესებში, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ამდენად ჩახედული ნამდვილად არ ვარ იმაში, რა ხდება მთავრობაში. მეტსაც გეტყვით – პოლიტიკურ წრეებში რა ხდება, მაინცდამაინც, არც ამაში ვარ ჩახედული“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, გაურკვევლობა დიდხანს გაიწელოს, გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ გაურკვევლობა დიდხანს ვერ გაიწელება, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებით აზრთა ჭიდილი ძალიან არის გამწვავებული და ბევრი ინტერესია, რაც საქართველოს ფარგლებსაც სცდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები