თბილისში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება დაჯარიმდება

 

დედაქალაქის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება ადმინისტრაციულ დაჯარიმებას გამოიწვევს.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 4 მარტის ბიუროს სხდომაზე იგეგმება.

ცვლილებებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება, კერძოდ, დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება, რაც ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას, ფიზიკური პირის 500 ლარით, იურიდიული პირის კი, 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. იგივე ქმედების გამეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 1000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული კი – 2000 ლარით,

ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებებით, თბილისის ტერიტორიაზე მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის (ფენილი, ბადე, საფარი) გარეშე განთავსება, რაც ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის აცილებას, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. გამეორების შემთხვევაში, ფიზიკურ პირს 500 ლარად დააჯარიმებენ, იურიდიულ პირს კი, 1000 ლარით.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ინიციატივით, თბილისის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან არასათანადოდ გადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის აცილებას, 200 ლარით დაჯარიმდება ფიზიკური პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის შემთხვევაში კი, 500 ლარით. აღნიშნული დარღვევის გამეორებით ჩადენა შესაბამისად, 500 და 1000 ლარით დაჯარიმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები