ისანში სამი ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს

ისნის რაიონის გამგეობა ავლაბარში, ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოებს სამ მისამართზე ახორციელებს. ამ დროისთვის, საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული მდგრადობისთვის სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირის N63-ა-ში, კასპის ქუჩის N2-სა და არარატის ქუჩის N23-ში მიმდინარეობს.
ავარიული სახლების გამაგრების სამუშაო პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „წელს ავლაბრის ტერიტორიაზე უკვე მესამე სახლს ვამაგრებთ. მსგავსი პროექტების განხორციელების მიზანია, შენობებს მდგრადობა ხანგრძლივი ვადით შევუნარჩუნოთ და ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს საფრთხე ავაცილოთ. პროცესში აქტიურად ვართ ჩართული, სამუშაოების ხარისხს და ვადებს მკაცრად ვაკონტროლებთ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სურვილის შემთხვევაში, მაქსიმალურად შევეცდებით, ისანში მდებარე თბილისურ ეზოებს ახალი სიცოცხლე შევძინოთ“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
აღნიშნული პროექტები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. ისნის რაიონის გამგეობამ სამივე მისამართზე საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები ჯამში, 132 369 ლარით დააფინანსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები