ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში წიგნის -“დამოუკიდებელი საქართველოს გენერალიტეტი (1918-2018)” პრეზენტაცია გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების თავმჯდომარის, მამუკა გოგიტიძისა და მოადგილეების მამია გოგოლაძისა და გიორგი ბეჟიტაშვილის წიგნის “დამოუკიდებელი საქართველოს გენერალიტეტი (1918-2018)” პრეზენტაცია გაიმართა.

ნაშრომში განხილულია 1918-1921 წლების ქართული ჯარის 25 გენერლის ბიოგრაფია, 1992 წლიდან დღემდე, ქართული არმიის, ფლოტის, უშიშროების, პოლიციის და სამხედრო იუსტიციის გენერალიტეტის ბიოგრაფია (სულ 202 პირი) და, აგრეთვე, 1921 წელს, ემიგრაციაში წასულ ქართველ სამხედრო მოღვაწეების ბიოგრაფიები (სულ 19 პირი), რომლებმაც მიაღწიეს გენერლის და ადმირალის სამხედრო წოდებას სხვა ქვეყნების არმიებში.

როგორც წიგნის ერთ-ერთი ავტორი, მამუკა გოგიტიძე განმარტავს, ამ გამოცემაში არაა შესული ქართველი საბჭოთა გენერალიტეტი (1940-1991), იმ მოტივით, რომ მათ არაფერი ჰქონდათ საერთო საქართველოს დამოუკიდებლობასთან და იყვნენ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლის არმიამაც დააკარგვინა საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წლის თებერვალში“.

ნაშრომი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, პროფესიონალი ისტორიკოსებისათვის და მათთვის, ვინც იკვლევს საქართველოს და ქართველი ერის სამხედრო ისტორიის საკითხებს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს გენერლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, მოადგილეები, ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე, უწყების პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების წევრები.

აღსანიშნავია, რომ წიგნის “დამოუკიდებელი საქართველოს გენერალიტეტი (1918- 2018)” ელექტრონული ვერსია უკვე ატვირთულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე http://www.nplg.gov.ge და დაინტერესებულ მკითხველს, შეუძლია, ნაშრომს ამ გზით გაეცნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები