“მთელი ბრძოლა საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რუსეთის სატელიტად გადაქცევისთვის მიმდინარეობს, რაც ჩვენთვის მიუღებელია “
„მთელი ბრძოლა საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რუსეთის სატელიტად გადაქცევისთვის მიმდინარეობს, რაც ჩვენთვის და ჩვენი მიზნებისთვის მიუღებელია“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ვაშინგტონში, კარნეგის ცენტრში გამართული საჯარო მოხსენების დროს განაცხადა.
მინისტრმა ამავე მოხსენების დროს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
„გაკვირვებული არ ვარ. მსგავსი განცხადებები რუსეთის მხრიდან ხშირია. ამ შეხვედრის დროს, რასაკვირველია, რუსეთმა კიდევ ერთხელ სცადა გაეფრთხილებინა საქართველო მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ. ღიად აცხადებენ, რომ ეს საფრთხეა რუსეთისთვის. გვემუქრებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიცით, რომ ეს მხოლოდ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საერთოდ არ ეხება. მთელი ბრძოლა საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რუსეთის სატელიტად გადაქცევისთვის მიმდინარეობს, რაც ჩვენთვის და ჩვენი მიზნებისთვის მიუღებელია. ეს არჩევანი ხელისუფლებამ მოსახლეობასთან ერთად გააკეთა. საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არჩევანის გაკეთება. ერთადერთი, რაც ჩვენ გვინდა, უსაფრთხოებაა, რომელიც ქვეყნის გადარჩენისთვის და განვითარებისთვის აუცილებელია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრს სამუშაო სადილი ჰქონდა ამერიკის ყველაზე გავლენიან ექსპერტებთან, რომლებიც საქართველოსა და რეგიონის საკითხებზე მუშაობენ. მათ შორის იყო „ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცენტრის“ უფროსი მკვლევარი სვანტე კორნელი.
„ექსპერტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანების გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომლებთან გამკლავებაც მათ ყოველდღიურად უწევთ. საუბარი, აგრეთვე შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას, რომლის მიმართაც ექსპერტებმა დიდი მხარდაჭერა გამოხატეს და დაინტერესდნენ, თუ რა სახის წვლილის შეტანა შეუძლიათ მის განხორციელებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.