დიპლომატებმა ბელარუსის სკოლის მოსწავლეებს სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცეს
ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვალერი კვარაცხელია და კონსული დავით კურტანიძე მინსკში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს ესტუმრნენ.
ქართველმა დიპლომატებმა სკოლის მოსწავლეებს გადასცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სკოლებისთვის სპეციალურად შექმნილი სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოები, რომლების მშობლირი ენის სწავლებასთან ერთად საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს მოიცავს.
ღონისძიებაზე საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობას ხაზი გაუსვა და ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რაც უწყებას საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გასაძლიერებლად და სამშობლოსთვის მათი კავშირის უზრუნველსაყოფად გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ,,საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა”, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ქართული ენის სწავლების ინტეგრირებული პროგრამა და სახელმძღვანელო, რომელიც საკვირაო სკოლებს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.