ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

 

ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო ჯგუფში კომისიის მიერ დამტკიცებული „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ საკომუნიკაციო ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა 2018-2020″ შესრულების მდგომარეობა განიხილეს და მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
სამუშაო შეხვედრაზე, ასევე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განხილვა წარმოადგენდა. უწყებების წარმომადგენლებმა სარვამარტო გზავნილებზე, სოციალური კამპანიის იდეებსა და სავარაუდო ღონისძიებებზე ისაუბრეს.
2019 წელს, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე უწყებათაშორისი კომისია გეგმავს, შეუერთდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ კამპანიას, რომლის მთავარი თემაა „გაითავისე თანასწორობა, აშენე ჭკვიანურად, გამოიყენე ინოვაცია ცვლილებებისთვის”. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა შესაძლებლობების გაძლიერებას, მათი საჭიროებების გათვალისწინებით პოლიტიკის დაგეგმვას და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის ტრანსფორმაციული ცვლილებების განხორციელებას.
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფი 2018 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან უწყებათაშორისი კომისიის წევრი სამთავრობო უწყებების მიერ განსაზღვრული კომუნიკაციის სპეციალისტები ან უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში ჩართული ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები