თამარ ჩუგოშვილი: ქვეყანაში მართლმსაჯულების პროცესის სწორად წარმართვის გზა გადის პარლამენტზე, ისევ პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ პროცესზე

ის მომენტი, რომელიც ახლა არსებობს უნდა გამოვიყენოთ სწორად, გამოვიყენოთ კეთილსინდისიერად და გამოვიყენოთ ისე, რომ რეალურად მივიღოთ სწორი მართლმსაჯულების პროცესი ქვეყანაში. ჩემი აზრით ეს გზა გადის ისევ პარლამენტზე, ისევ პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ პროცესზე, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტის განხილვის დროს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თავის გამოსვლაში ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც დღეს პარლამენტში გაიმართა „ძალიან რთული, ძალიან მძიმე დისკუსია“.

„აქამდე მოვედით დაგვიანებული რეფორმით, რომელიც ჩემი აზრით დიდი ხნის წინ უნდა მიეღო ამ პარლამენტს ან წინა პარლამენტს და ეს პროცესები დაგვიანდა. და დაგვიანდა ერთი კონკრეტული მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ჩვენ ზომაზე მეტი ანგარიში გავუწიეთ მოსამართლე წევრებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეებს, რომლებისთვისაც ამხელა ანგარიშის გაწევა არ იყო საჭირო იმიტომ, რომ მოსამართლეები არ არიან კანონმდებლები, ისინი არ წერენ კანონებს. კანონებს წერენ პარლამენტის წევრები და ისევე როგორც პარლამენტის წევრები, ისინი არ ახორციელებენ მართლმსაჯულებას და არ იღებენ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საქმეებზე. ფაქტი არის ის, რომ სწორედ ის კანონები, რომლებსაც უნდა განესაზღვრა როგორ უნდა დაინიშნოს სამართლიანად მოსამართლე, როგორ უნდა დაეკისროს სამართლიანად მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა, როგორ უნდა მიიღოს საბჭომ გადაწყვეტილებები, სწორედ ამ კანონების დაგვიანებამ და გაჭიანურებამ მოგვიყვანა ჩემი აზრით აქამდე“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, იგი არ ფიქრობს, რომ  მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, როგორც ასეთი განყენებულად მოცემული, არის არასწორი, თუმცა მთავარია, თუ რა ფორმით ხდება ეს და ამ კუთხით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მდგომაროება კრიზისში შეიყვანა.

„მგონია, რომ ფორმა როგორ ვნიშნავთ, ვის ვნიშნავთ და როგორ მიიღება გადაწყვეტილებები – ეს ფორმა არის არასწორი და ვფიქრობ, რომ იუსტიციის საბჭომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ კრიზისში შესულიყო პოლიტიკური სიტუაცია. სამწუხაროდ, მე მაქვს ასეთი განცდა.

ჩვენ მივეცით უფლება მოსამართლეებს, რომ აქამდე მოეყვანათ სიტუაცია და ეს პროცესი ასე რომ ვერ გაგრძელდება, მე მგონი, ყველა ვხვდებით. მე ახლა არ ვესაუბრები ოპოზიციას. მე პირველ რიგში ვესაუბრები ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან  იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვაცნობიერებ და ვხედავ, როგორ ღელავს ამ წუთში თითოეული ჩვენგანი, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ სულ ცოტა ხანში უნდა მივიღოთ.

ვითარება გაგვირთულა, ასევე, დეკემბრის ბოლოს იუსტიციის საბჭოს მხრიდან სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ, იმ ფორმა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები, გაგვირთულა იმ განცხადებებმა, რომელსაც ვისმენთ მოსამართლეების მხრიდან სრულიად გასულს ყოველგვარი ჩარჩოებიდან სხვადასხვა პირების მიმართ, პარლამენტის წევრების მიმართ, ჩემი კოლეგების მიმართ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მათ შორის იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელშიც მე ძალიან ბევრი წელი გავატარე და რომელსაც მე ძალიან დიდი პატივს ვცემ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართ. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები ამ ორგანიზაციის მიმართ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი ვითარებით, ერთ მხარეს არის უკვე უვადოდ დანიშნული იმ მოსამართლეების უდიდესი რაოდენობა, ვისზეც ძირითადად მოდის საზოგადოების აგრესია. ასევე, ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი და ღირსეული მოსამართლე სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჯერ კიდევ ელოდება დანიშვნას და ისინი არიან გამოსაცდელ ვადაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სხდომაზე წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება იმ ადამიანების მდგომაროება, რომლებიც უკვე განწესებული არიან უვადოდ, არ შეიცვლება.

„ჩვენ ამ კანონპროექტით ვერაფერს შევცვლით. ისინი იყვნენ და აგრძელებენ მუშაობას, მაგრამ სამაგიეროდ 2024 წლამდე ჩვენ აღარ გვეყოლება ახალი უვადო მოსამართლეები. მე ვეცდები, რომ გითხრათ როგორ მოვიქცეოდი უმაღლესი საბჭოს და ამ მოსამართლეების ადგილას რომ ვიყო. მე ეს გუშინ საჯაროდ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ. მე რომ ვიყო იმ ადამიანების ადგილას და ვხედავდე, რომ ჩემი პერსონა, ჩემს მიმართ არსებული საზოგადოების აგრესიის დონე და ხარისხი იწვევს მთლიანად სასამართლოზე ასეთ დარტყმებს, უთუოდ გადავდგებოდი მე თვითონ. თავად დავტოვებდი მოსამართლის ადგილს და გავიხდიდი მოსამართლის მანტიას. უპირობოდ ასე მოვიქცეოდი, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ სხვა კატეგორიის ადამიანებთან გვაქვს საქმე და როგორც ჩანს ისინი არ აპირებენ ასე მოიქცნენ“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში, ვიდრე წესები და რეგულაციები არ იქნება სახეზე, მანამდე უნდა შეწყდეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, ხოლო თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მაშინ პარლამენტმა უნდა გამოიწვიოს მის მიერ საბჭოში დანიშნული ხუთივე წევრი.

„მგონია, რომ  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თქვას, რომ ვიდრე პარლამენტი არ მიიღეს კანონებს, ისინი არ დანიშნავენ და არ განაწესებენ მოსამართლეებს უვადოდ.

აქ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა – როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუკი საბჭო ასე არ მოიქცევა და თუკი საბჭო ამ პირობას არ შეასრულებს? თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკლე დროში არ გააკეთებს განცხადებას უვადოდ დანიშვნების შეჩერების თაობაზე, ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის ის, რომ პარლამენტმა გამოიწვიო ხუთივე წევრი, რომლებიც ჩვენ დავნიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

მოსამართლეები ჩვენ მიერ დანიშნული წევრების გარეშე ვერ მიიღებენ ვერანაირ გადაწყვეტილებას. ეს არის გამოსავალი. ისინი ყველა მოსამართლეს ნიშნავენ სწორედ ჩვენს მიერ დანიშნულ საბჭოს წევრების მხარდაჭერით და მათი ხმებით. კონსტიტუციის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის, რომელსაც წარადგენს საქართველოს პარლამენტი გათვალისწინებულია საკმაოდ მაღალი კვორუმი. ახლა მინდა, მათ შორის ოპოზიციასაც მივმართო – ეს კვორუმი არის 3/5 და ეს ამ სიტუაციაში ძალიან მაღალი კვორუმია. იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის საბჭო განაგრძობს დანიშვნას მოსამართლეების, ვიდრე ჩვენ მივიღებთ კანონს და თუ ისინი არ იტყვიან და არ დადებენ პირობას იმის თაობაზე, რომ შეაჩერებენ ამ პროცესს და დაელოდებიან პარლამენტს და გამოიჩენენ სწორედ იმ ინსტიტუციურ პატივისცემას, რომელზეც არაერთხელ იყო ამ დარბაზში საუბარი, ჩვენ უნდა დავნიშნოთ მაღალი კვორუმით ხუთი ისეთი ადამიანი იუსტიციის საბჭოში, რომლის მიმართაც საზოგადოების ნდობა იქნება მაღალი და რომელთა გადაწყვეტილებებშიც ვიქნებით დარწმუნებული იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი გზა და არანაირი მექანიზმი, რომ სისტემიდან გავიყვანოთ ის ადამიანები, ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ საზოგადოების პროტესტი არის ძალიან მაღალი.

ვფიქრობ, რომ მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ჩემი კოლეგების მიმართ, ის კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, არ არის სამწუხაროდ გამოსავალი სიტუაციიდან. ის არ არის რეალური გზა. ჩემი აზრით რეალური გზა არის ის, რასაც ძალიან გულწრფელად გთავაზობთ“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის გამოსავალი, რომელიც განმუხტავს ვითარებას.

„მგონია, რომ თუ უმრავლესობა ამ გზას აირჩევს, ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს ერთიანობას და მეორე მხრივ, პროცესებს წაიყვანს სწორი მიმართულებით. მე ეს მგონია ერთადერთი  სწორი გზა ამ სიტუაციაში“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები