“უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტი, ეწინააღმდეგება იმ დებულებებს, რომლებიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა”

 

საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტი, ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემუშავდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.
პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.
“პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნების თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობა საქართველოში, სულ მცირე, 100 მოსამართლით გაზრდას, ოპტიმალურ შემთხვევაში კი – გაორმაგებას საჭიროებს, მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას. ამავდროულად, ვაცხადებთ სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოვამზადოთ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე, არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით. ამ მიზნით, მივმართავთ ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები