ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: ჩვენი საქმიანობა ადასტურებს იმას, რომ საქართველო უფრო დიდი ევროპული სივრცის ნაწილია

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ვაზილ ჰუდაკის თქმით, მათთვის საქართველოში მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების ხელშეწყობა და გაუმჯობესება, როგორიცაა გზები და რკინიგზა. როგორც მან აღნიშნა, ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს ადამიანური კაპიტალის, ისტორიის და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო.
“დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო საქართველოში მოწვევისთვის. საქართველოში სტუმრობა ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია, ვინაიდან ვხედავ, რომ ქვეყანა დინამიურად ვითარდება და რეგიონში ლიდერია.
​ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტი გახლავთ და ჩვენი საქმიანობა ადასტურებს იმას, რომ საქართველო უფრო დიდი ევროპული სივრცის ნაწილია. 250 მილიონი ევროს გამოყოფა ახალი გზების მშენებლობისა და არსებულის რეაბილიტაციისთვის, ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებისთვის, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქარი მაგისტრალის განვითარებას გულისხმობს, საქართველოს მისცემს საშუალებას, ევროპას კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს, გამოიყენოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა და პოტენციალი ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად. ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით ვუწყობთ ხელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას, როგორიცაა გზები, რკინიგზა.
გვსურს, კიდევ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. პრემიერმა განაცხადა, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ მიმართულებით, ადამიანური კაპიტალის, ისტორიის, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო და რეგიონში ინოვაციური ლიდერია. აქედან გამომდინარე, დიდი სიხარულით ვერთვებით ამ ინიციატივაში და მომავალში კიდევ უფრო მეტ ინოვაციურ პროექტს დავუჭერთ მხარს, ხელს შევუწყობთ ინვესტიციებს, ევროკავშირის სამეწარმეო-ეკონომიკური სუბიექტების ჩართულობას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში და ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობას”, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნული ხელშეკრულების მომზადებაში.
“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ხელშეკრულების მომზადებაში ჩართულ გუნდს, საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს. მისი უწყება არის ჩვენი ინსტიტუციური დახმარების ბენეფიციარი და მივესალმებით ამ თანამშრომლობას. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან. მადლობა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, რომელიც ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორია.
ყველას დიდ მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის და აღვნიშნავ, რომ 250 მილიონი ევროს მოცულობის სესხი არის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტის – 6,1 მილიარდი ევროს ფარგლებში, რომელიც ევროკომისიის გადაწყვეტილებით გამოიყო. რისთვისაც ევროკავშირის ელჩს დიდ მადლობას ვუხდი”, – აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები