დავით ზალკალიანი: როგორც არასდროს, ისეთი მაღალია ჩვენს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა და საჭიროა ამის საკანონმდებლო დონეზე გაღრმავება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე საუბრობს. მისი თქმით, აშში-ს საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამერიკელ სენატორებთან საუბარი იყო აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ერთსულოვანი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ, განსაკუთრებით აღინიშნა 13 თებერვალს აშშ-ის სენატისთვის წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების გამო” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის შეხვედრის შემდეგ.
დავით ზალკალიანის თქმით, განხილული იყო ორი ძირითადი მიმართულება, რომლებიც აქტუალურია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ ურთიერთობებში – თავდაცვა და უსაფრთხოება, და ეკონომიკური თანამშრომლობა. „როგორც არასდროს, ისეთი მაღალია ჩვენი თანამშრომლობა აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან და ამას სჭირდება საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერა და გაღრმავება. ყველა ორმხრივი ვიზიტი, რომელიც მომავალში განხორციელდება, იქნება ამ მხრივ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი” – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დღესვე, შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, პატრიკ შენაჰენთან. დავით ზალკალიანის თქმით, მხარებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, რომელიც თავის მხრივ, უპრეცედენტოა.
„მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა როგორც ნატოში ჩვენი ინტეგრაციის, ისე ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გვექნება ხელშესახები შედეგები. მოქმედებს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც წარმატებით სრულდება და გვსურს რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გაღრმავდეს” – აღნიშნა მინისტრმა.
ზალკალიანის თქმით, მიუნხენის კონფერენციაზე შავი ზღვის უსაფრთხოება არის ერთ-ერთი ცენტრალური თემა:
„ჩვენ გვექნება პარალელური ღონისძიება, რომელიც საქართველოს თემას მიეძღვნება და რომელზეც გაჟღერდება ჩვენი აქცენტები ნატოს გაფართოების შესახებ და საუბარი იქნება იმაზე, თუ რას ველით ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან. ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი. ისე როგორც შავ ზღვაზე თანამშრომლობის ფორმატები, რაც აისახა ბრიუსელის წინა სამიტზე. შავი ზღვა უნდა იქცეს მნიშვნელოვან მაკონსოლიდირებელ ფაქტორად ყველა მთავარ მოთამაშეს შორის”.