გიორგი კაპანაძე: „მაგთი“ მუდმივად ცდილობს, ხელთ იგდოს ძალაუფლება და არ შეამციროს ტარიფები, ამით კი მომხმარებლებს აზარალებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე, „პირველთან“ “მაგთიკომის” სატარიფო პოლიტიკაზე საუბრობს. მისი თქმით, „მაგთი“ არასოლიდარულია თავისი მომხმარებლების მიმართ და მუდმივად ცდილობს, ბაზარზე ძალაუფლება ხელთ იგდოს.

„მაგთი“, მობილური ინტერნეტისა და სატარიფო პოლიტიკის მხრივ, ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის და, ზოგადად, მას ახასიათებს არცთუ ისე სოლიდარული დამოკიდებულება თავისი მომხმარებლების მიმართ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც მობილური ოპერატორების ბაზარზე გამოჩნდა და, იმ პერიოდიდან მოყოლებული, იგი მუდმივად ცდილობს, რომ ხელთ იგდოს ძალაუფლება ბაზარზე და, ამის პარალელურად, არასდროს შეამციროს ტარიფები, პირიქით – მაქსიმალური მოგება მიიღოს, რითაც, უპირველესად, აზარალებს მომხმარებლებს.

რაც შეეხება არსებულ სიტუაციას – „მაგთიკომი“ ახლაც კარგად გრძნობს თავის ძალაუფლებას. გარდა იმისა, რომ მობილურ ბაზარზე ყველაზე დიდი წილი უკავია, ასევე, აკონტროლებს ინტერნეტტელევიზიების დიდ ნაწილს. ფაქტობრივად, კონკურენცია არ არსებობს ბაზარზე და ამან გამოიწვია ის შედეგები, რაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მუდმივად გვესმის, რომ “მაგთიკომი” აპირებს ტარიფების გაზრდას. ერთხელ ეს დააანონსდა წინა წელს და მაშინ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შეაჩერა მათი გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს იყო დაუსაბუთებელი და აუხსნელი ყველანაირად“, – აღნიშნა კაპანაძემ.

მისივე თქმით, „მაგთიკომი“ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აანონსებს ფასების ზრდას.

კაპანაძე ამბობს, რომ ასეთი რამ მიუღებელია და თუკი კომპანია, რაღაც მიზეზით, საჭიროდ მიიჩნევს ტარიფების გაზრდას, მან ეს, პირველ ყოვლისა, სწორედ მარეგულირებელს უნდა აუხსნას:

„თუკი კომპანია, რაღაც მიზეზით, საჭიროდ მიიჩნევს ტარიფების გაზრდას, მან, პირველ ყოვლისა, სწორედ მარეგულირებელს უნდა აუხსნას ის მიზეზები, რაც არსებობს ბაზარზე. “მაგთიკომი” ამ ყველაფერს არ აკეთებს და, თვითნებურად, უკვე მეორედ აანონსებს ფასების ზრდას. ის იმ პრინციპებს არღვევს, რომლებიც ბაზარზე უნდა არსებობდეს. ფაქტობრივად, “მაგთიკომი” ამბობს, რომ მისთვის მარეგულირებელი კომისია, რომელიც ბაზარს უნდა არეგულირებდეს, არაფერს წარმოადგენს. „მაგთის“ არანაირი კონკრეტული მიზეზი უთქვამს, თუ რატომ ზრდის ფასს. გარდა ამისა, მარეგულირებლის მითითების შემდეგ, მან არ გაიზიარა ეს მითითება“, – განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება მობილურ მეგაბაიტებსა და ინტერნეტზე გაზრდილ ფასებს – ექსპერტი ამბობს, რომ, კომპანიის მხრიდან, ესეც არასწორი ქმედებაა.

„ბუნებრივია, ესეც არასწორია კომპანიის მხრიდან. ვინაიდან ჩვენ, ამ სფეროში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად ვიცით, რომ, ერთი წლის განმავლობაში, “მაგთის” ინტერნეტის ფასი გაუნახევრდა, ამის შესახებ განაცხადა მარეგულირებელმა კომისიამ და მათ ინტერნეტზე ტარიფები უნდა შეემცირებინათ. ამის პარალელურად, ასე ვთქვათ, ისარგებლეს ამ მომენტით – მომხმარებლისთვის რაოდენობა გაზარდეს, მომხმარებლის მოტყუება გადაწყვიტეს, ვინაიდან ისედაც იაფად ყიდულობდნენ. რაც გაუიაფდათ, იმის რაოდენობა გაზარდეს. და, შესაბამისად, გაზარდეს ტარიფი. ამ ყველაფრიდან გამოსავალი, ჩემი აზრით, არის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც ბაზარზე უნდა დააწესოს ზღვრული ტარიფები და, ასევე, მუდმივ რეჟიმში უნდა იყოს ჩართული კომპანიების საქმიანობის შესწავლასთან. ჩვენ თუ ოლიგოპოლიურ ბაზარზე დავუშვით ის, რომ კომპანიებმა თვითნებურად, მუდმივად გაზარდონ ტარიფები, ეს სერიოზულად დააზარალებს მომხმარებლებს და ეს პროცესები გაგრძელდება დაუსრულებლად“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები